კალაძე: იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი საჩოგბურთო კორტები მოეწყობა

© courtesy of Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე სამი ახალი საჩოგბურთო კორტი მოეწყობა, რომელთაგან ორი დახურული და ერთი ღია იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
იპოდრომთან მდებარე ყოფილი ჩოგბურთის კორტების ტერიტორია 2021 წლის დეკემბერში აუქციონზე გაიყიდა. გამარჯვებული შპს „კორტები“ გახდა.
გამარჯვებულ კომპანიას გადაეცა საკუთრების უფლება და ვალდებულება – ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის ვადაში განახორციელოს 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, მოაწყოს არანაკლებ სამი საჩოგბურთო კორტი, ასევე მოაწყოს სპორტული დანიშნულების და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სივრცეები.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსების აშენება იყო დაგეგმილი, მაგრამ უკვე მოქმედი ხელისუფლების პირობებში ყოფილი კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა.

„ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია იმისთვის, რომ, პირველ რიგში, ეს ტერიტორია დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. ინვესტორ კომპანიასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და მოხდა ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა. ძალიან მიხარია, რომ ეს სივრცეც მოწესრიგდება და ქალაქს დაუბრუნდება ის ძველი ინფრასტრუქტურა, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც იყო დიდი მოთხოვნა“, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნეს-კლუბი, კაფე და დასასვენებელი სივრცე.
აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგებას კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობას ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში დაჰპირდა. პროექტის განხორციელება 2019 წლიდან უნდა დაწყებულიყო.
ყველა ახალი ამბავი
0