სააკაშვილის განცხადებას საქართველოს საგამოძიებო ორგანოები შეისწავლიან - პროკურატურა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
ექს-პრეზიდენტის გამოსვლას სამართალდამცველი ორგანოები შეისწავლიან და მას სამართლებრივ შეფასებას მისცემენ, განაცხადა პროკურორმა.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. სამართალდამცველი ორგანოები შეისწავლიან საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მასობრივი აქციებისა და დღევანდელი ხელისუფლების ჩამოშორებისკენ მოწოდებებს შეიცავდა, განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. როდესაც სააკაშვილს სიტყვა მისცეს, მან მოსახლეობას მასობრივი საპროტესტო აქციებისა და ხელისუფლების ჩამოშორებისკენ მოუწოდა.

„ბრალდებულის განცხადებებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ სამართალდამცველი უწყებები მას სამართლებრივად შეაფასებენ და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმაზე, რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს მას“, – განუცხადა წიკლაურმა ჟურნალისტებს.

მისი სიტყვებით, სააკაშვილის განცხადებები მხოლოდ ამყარებს ბრალდების პოზიციას.
„ბრალდების მხარე ვედავებით მას ძალადობის ორგანიზებას, მათ შორის, 7 ნოემბრის მომიტინგეების მიმართ, ტელევიზიის წინააღმდეგ. ადვოკატები მიგვითითებენ, რომ უდანაშაულოა, ის კი დღემდე აკეთებს ძალადობრივ მოწოდებებს“, – აღნიშნა წიკლაურმა.
პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ მოწმეებისთვის მოესმინა, პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა, შემდეგ კი დარბაზი დატოვა.
„ბრალდების მხარე გააგრძელებს სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სააკაშვილისა და სხვა ბრალდებულების ბრალი დავამტკიცოთ“, – აღნიშნა წიკლაურმა.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის სამი მოწმე. ყველა მათგანი ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომელი იყო. სასამართლოს დარბაზში მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 7 ნოემბერს საქმის შესრულებისთვის პრემიები მიიღეს.
აღნიშნულ საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 მაისს გაიმართება.
სააკაშვილის სასამართლო: საქართველოს ექს-პრეზიდენტს „ყვითელი ბარათი“ უჩვენეს >>
სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს ძალოვანებმა ძალის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით თბილისში სხვადასხვა ადგილზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალეს.
დღის ბოლოს სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც მაშინ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა და სააკაშვილის საქმიანობას აკრიტიკებდა. შედეგად „იმედში“ დაზიანდა ტექნიკა და გამოირთო მაუწყებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0