ფინანსთა მინისტრი: საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგია

© photo: Sputnik / Stringerპური
პური - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
საერთაშორისო ბაზრებზე ფქვილის ფასთან დაკავშირებით სიტუაცია ძალიან დინამიკურია, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტი მოცულობის ხორბალს შეისყიდის, თუ ამის საჭიროება დადგება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ხორბლისა და ფქვილის შესაძლო დეფიციტის, ასევე პურპროდუქტების გაძვირების საკითხმა აქტუალობა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გამკაცრების შემდეგ შეიძინა. როგორც ცნობილია, რუსეთი უკვე მრავალი წელია საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი მომწოდებელია.

„თუ იქნება საჭიროება და მაღალი რისკი, რომ ქვეყანას დასჭირდება მეტი ხორბლის შემოტანა სასურსათო უსაფრთხოების გამყარებისთვის, ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, იქნება მიღებული“, – აღნიშნა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ფინანსთა მინისტრის სიტყვებით, დღეს ქვეყანაში ხორბლის საკმარისი რაოდენობაა და სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე არ ექმნება.
„ქვეყანაში დაახლოებით თვე-ნახევრის ხორბლის რესურსია, რაც ქვეყანას ერთი თვე ყოფნის, ეს, ასე თუ ისე, დადგენილი სტანდარტია. თუ ასეთი საკითხი დადგება, რომ გარკვეულწილად შესაძლოა საფრთხე შეექმნას სასურსათო უსაფრთხოებას, ბუნებრივია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფქვილის ფასთან დაკავშირებით ძალიან დინამიკური სიტუაციაა. ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება როგორც შემცირების, ასევე ზრდის მიმართულებით.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10% ადგილობრივი წარმოებისაა. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის. მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელია.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართველი მეწარმეებისთვის აღარ იყო ხელსაყრელი ხორბლის შემოტანა და მისი ადგილზე დაფქვა.
2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0