რა რეაქცია მოყვა საქართველოში უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განცხადებას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2022
გამოწერა
დანილოვის მოწოდებებს მეორე ფრონტის გახსნის შესახებ საქართველოში მიუღებელი უწოდეს
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებამ იმის შესახებ, რომ საქართველოს თავისი ტერიტორიები ომით უნდა დაიბრუნოს, მმართველი პარტიისა და ქართული ოპოზიციის რიგებში უკმაყოფილება გამოიწვია.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა შაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესების სფეროში დამატებითი ფრონტების გახსნა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მეორე ფრონტის გახსნის მაგალითებად, საქართველოს ტერიტორიის გარდა, მან მოიყვანა კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
„რეალურად, არავითარი დახმარება, შეღავათი ეს უკრაინისთვის რეალურად არ იქნება. ომის გაფართოება, ფრონტების გახსნა და ესკალაცია არც ერთ შემთხვევაში მშვიდობიანი სამყაროსთვის არ არის სასურველი. ამას ქადაგებს ნატოს არაერთი მაღალჩინოსანი, არაერთი ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, მთლიანობაში მისმა განცხადებამ უსიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.
ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება „მიუღებელია“.
მისი თქმით, საქართველომ აფხაზეთში ომი არ უნდა დაიწყოს, თუნდაც დარწმუნებული იყოს თავის გამარჯვებაში.
„ერთი მხრივ, მესმის, რომ უკრაინაში ახლა მძიმე სიტუაციაა, ბევრი ადამიანი იღუპება და ადამიანებს შეიძლება უცნაური იდეები მოსდიოდეთ თავში... ჩემთვის ეს მიუღებელი განცხადებაა, მორალურად მიუღებელი, რადგან ჩვენ აფხაზეთში ომი არ უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ოპოზიციის დეპუტატმა თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს მიზანია აფხაზებთან ერთად ერთ ქვეყანაში ცხოვრება და პრობლემების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარება.
საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძეც ტერიტორიების მხოლოდდამხოლოდ მშვიდობიანი დაბრუნების მომხრეა.
„რაც შეეხება ტერიტორიულ აღდგენას, იცით, რომ ჩვენი ტერიტორიული აღდგენის საკითხი გადის მშვიდობიან პოლიტიკაზე, მშვიდობიან მოქმედებაზე და შესაბამისად, ასეც იყო და ასეც უნდა გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟის ატეხა ამ ემოციური განცხადების შესახებ არ ღირს“, – განაცხადა დოლიძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტად საქართველოს დააზარალებს, ამიტომ სანქციები არ დაწესდება.
ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0