საქართველოს ცესკო შუალედური არჩევნების ჩასატარებლად მზად არის

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2022
გამოწერა
საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები შემდეგ შაბათს გაიმართება.
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია უკვე დაასრულა და უბნების რაოდენობა განსაზღვრა.
საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მომავალ შაბათს გაიმართება. ამ დღეს რუსთავი-გარდაბნის ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ, ბათუმში კი ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს.
რუსთავში დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს: მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“, ირაკლი შატაკიშვილი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტიიდან“.
არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. თუ ეს არ მოხდა, საქართველოს ცესკო არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს.
ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ადგილისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძვის: მათე ფუტკარაძე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნებიდან“.
ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მის ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.
რუსთავსა და გარდაბანში არჩევნების ჩასატარებლად 127 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის სამი ციხეებში, ხოლო 14 საარჩევნო უბანი - ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში.
არჩევნების მიმდინარეობას 42 ადგილობრივი და 4 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება. არჩევნების გაშუქებას 14 მედიასაშუალება გეგმავს.
რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერის პოსტი დაიკავა.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მაჟორიტარულ არჩევნებს, ის შემოდგომაზე არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
ყველა ახალი ამბავი
0