თბილისის კლუბებში თაღლითობაზე 13 პირი დააკავეს - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2022
გამოწერა
დაკავებულთა შორის სამი პირი სომხეთის მოქალაქეა. დაკავებულთა ასაკი 21-დან 40 წლამდე მერყეობს.
თბილისი, 26 მარტი– Sputnik. პოლიციამ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - სულ 13 ადამიანი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალები, რომლებიც თბილისში მდებარე კლუბებში - „ქალაქურსა“ და „როიალში“ ე.წ. პრომო გოგონებად მუშაობდნენ, სხვა ბრალდებულებთან - ამავე კლუბების მფლობელთან და მენეჯერებთან შეთანხმებით, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტ მამაკაცებს თავს აპატიჟებინებდნენ და მათთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ სხვადასხვა დასახელების სასმელს და საკვებს. შემდეგ, თაღლითურ სქემაში ჩართულ მიმტანს უცხოელ ტურისტებთან მიჰქონდა ჩეკი და ბრალდებულები მათ მოტყუებით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს.
პოლიციამ ბრალდებულები რამდენიმეთვიანი ინტენსიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
დაკავებულთა შორის სამი პირი სომხეთის მოქალაქეა. დაკავებულთა ასაკი 21-დან 40 წლამდე მერყეობს.
სამართალდამცველებმა, კლუბი „როიალის" ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები - 980 ლარი, 2.712 აშშ დოლარი, 1.815 ევრო, 64.500 რუსული რუბლი, 500 შვეიცარიული ფრანკი, 712 არაბული დირჰამი და 3.550 ავსტრალიური დოლარი.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, საბანკო ბარათები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.
„მათი დანაშაულებრივი ქმედებით სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი და ჩვენს ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს რეპუტაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური
ყველა ახალი ამბავი
0