საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები თებერვალში 2,8%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი, სადაც აგრეთვე ეროვნული ბანკის ოფისია განლაგებული
იუსტიციის სახლი, სადაც აგრეთვე ეროვნული ბანკის ოფისია განლაგებული - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2022
გამოწერა
2022 წლის თებერვლის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებდა 14 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 26 მარტი– Sputnik. 2022 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1,67 მლრდ ლარით, ანუ 2,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
2022 წლის თებერვლის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების მოცულობამ 61.69 მლრდ ლარი შეადგინა, სააქციო კაპიტალი 8.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.0 პროცენტია.
2022 წლის თებერვლის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ბანკებში დეპოზიტების მოცულობა კვლავ იზრდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის 1 მარტის მდგომარეობით 37,63 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 856,15 მლნ ლარით ან 2,33%-ით მეტია თებერვლის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის მიხედვით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 289,24 მლნ ლარით ანუ 1,8%-ით გაიზარდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე - 566,92 მლნ ლარით ანუ 2,74%-ით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით 40,75% შეადგინა, რაც 0,67 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1 თებერვლის მაჩვენებელზე.
თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,32% შეადგინა, მათ შორის 11% - ლარიან დეპოზიტებზე და 0,96% - უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.

უცხოურ ვალუტაში მეტი სესხია გაცემული

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 1,09 მლრდ ლარით ანუ 2,58%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით 43,25 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 117,60 მლნ ლარით ანუ 0,56%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 970,22 მლნ ლარით ანუ 4,58%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულმა ბანკებმა რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გასცეს სესხები ეროვნულ ვალუტაში 6,57 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 1,61%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 13,82 მლრდ ლარი, რაც 83%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით.
2022 წლის თებერვალში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 2,57%-ით ანუ 551,95 მლნ ლარით და მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით 21,99 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 48,79 პროცენტი შეადგინა, რაც 0,98 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2022 წლის 1 თებერვლის მაჩვენებელზე.
წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი
ყველა ახალი ამბავი
0