საქართველო მსოფლიო ბანკისგან ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ დაფინანსებას მიიღებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ქუჩები
თბილისის ქუჩები - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
პროექტის ფარგლებში ერთდროულად დაფინანსდება რამდენიმე სფერო, მათ შორის განათლება, ჯანდაცვა და სოციალურ დაცვა.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ადამიანური კაპიტალის განვითარების „პროგრამა შედეგებისთვის" საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის მიზნით, რომელიც მოიცავს მრავალმხრივ ინვესტიციებს 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეს იქნება ყველაზე დიდი ინვესტიცია საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თანხები უშუალოდ მსოფლიო ბანკის მიერ იქნა გამოყოფილი.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ერთდროულად რამდენიმე მიმართულება, მათ შორის განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა.
„ეს მართლაც უპრეცედენტო პროგრამაა როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიო ბანკისთვის, რაც იმის დასტურია, რომ ინვესტირება ადამიანებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, უპირველესი პრიორიტეტია ბანკისთვის, ისევე როგორც ქვეყნის მთავრობისთვის“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
მისი თქმით, მაღალი ხარისხის განათლებასთან, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის თანასწორ სერვისებთან წვდომის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს საქართველოში მყარი საფუძვლის მომზადებას ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის.
თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.
„დიდად ვაფასებთ მსოფლიო ბანკის ამ მნიშვნელოვან მხარდაჭერას და მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - განაცხადა ხუციშვილმა.

პროგრამის მთავარი მიზნები

პროგრამა ითვალისწინებს განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების რეფორმირებას, რაც გააუმჯობესებს ბავშვიანი ღარიბი ოჯახების სოციალურ დახმარებას და უმუშევრებს სამუშაოს მოძებნაში დაეხმარება.
პროგრამა მთავრობას დაეხმარება ჯანდაცვის მომსახურების შესყიდვისა და ფასწარმოქმნის რეფორმაში, ფარმაცევტული ბაზრის ეფექტიანობისა და თანასწორობის გაუმჯობესებაში და ასევე პირველადი ჯანდაცვის, ისევე როგორც ჰოსპიტალური მკურნალობის გაუმჯობესებაში.
გარდა ამისა, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული სასკოლო, საუნივერსიტეტო და შემდგომი განათლების ეტაპების ჩათვლით.
პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტია საქართველოს ვალდებულება გლობალური კლიმატის ცვლილების დღის წესრიგთან დაკავშირებით. ის ხელს შეუწყობს ბრძოლას კლიმატურ ცვლილებებთან საქართველოში, ეკოლოგიური პროგრამების განვითარებასა და შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდას.
ყველა ახალი ამბავი
0