გაზის ულტიმატუმი: რით უპასუხა რუსეთმა სანქციებს?

© photo: Sputnik / Viktor Tolochko
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
ვადიმ პავლოვი
ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებში“ გაზის ტრანზიტის საფასურის რუბლით ანგარიშსწორებაზე გადასვლის განკარგულება გასცა. ერთ კვირაში რუსეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა რუსულ ვალუტაში ოპერაციების წარმოების წესი უნდა განსაზღვრონ.
რით არის მოტივირებული ეს გადაწყვეტილება და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას – ექსპერტების მოსაზრება.

რა მოხდა?

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მიწოდება გაგრძელდება კონტრაქტებში მითითებული მოცულობისა და ფასის შესაბამისად. ხელშეკრულებებს რუსეთი არ დაარღვევს და არ შეწყვეტს.
მყიდველები „არამეგობრული ქვეყნებიდან“ მიიღებენ იმავე მოცულობას იმავე ფასად. უბრალოდ მათთვის გაჩნდება ერთგვარი დამატებითი შეთანხმება, რომელიც დაავალდებულებს ვალუტის რუბლში კონვერტაციას.

შესაძლებელია თუ არა რუბლზე გადასვლა?

ტექნიკურად რუბლზე გადასვლა პრობლემა არ უნდა იყოს, ვინაიდან არავინ აპირებს ფასწარმოქმნის ფორმულის შეცვლას, აღნიშნავს ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვანი ანალიტიკოსი იგორ იუშკოვი.
ექსპერტის სიტყვებით, რუსული გაზის შემსყიდველებისთვის პრინციპულად არაფერი იცვლება. „გაუჩნდებათ ერთი ზედმეტი მოქმედება, მაგრამ მსგავსი მოქმედებები, ჯერ ერთი, აკრძალული არ არის, მეორეც, დასავლურ კომპანიებს არ მოუწევთ რაიმე ხარჯის გაწევა რუბლის შესაძენად“, – ამბობს იგი.

რისთვისაა ეს საჭირო?

„გადაწყვეტილება იმითაა მოტივირებული, რომ დასავლეთმა გაყინა რუსეთის აქტივების ნაწილი უცხოურ ვალუტაში, – ფიქრობს ნაციონალური ენერგეტიკის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ფროლოვი. – რადგან არამეგობრული ქვეყნები და მათი კომპანიები, რომლებიც დღემდე ყიდულობენ ჩვენს ენერგომატარებლებს, უარს ამბობენ ამ სახსრების გამოთავისუფლებაზე, ე.ი. ისინი სხვა მეთოდებს მიმართავენ. მაგალითად, ევროპული კომპანია მოდის ჩვენს „ცენტრობანკში“, ყიდულობს ვალუტით რუბლს და რუბლით ყიდულობს გაზს. ამგვარად, ვალუტა ევროპიდან რუსეთში შემოედინება“.
დასავლეთმა თავად დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკისა და რიგი კომპანიების მიმართ, ახლა კი ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობით რუბლის შეძენას გაზის საფასურის გადასახდელად, ამბობს იგი.
„ეს არის ასევე ერთგვარი ულტიმატუმი რუსეთის მხრიდან: ან ვვაჭრობთ რუბლით, ან საერთოდ არ ვვაჭრობთ, – ამბობს იუშკოვი. – დასავლელ პოლიტიკოსებს გაუჭირდებათ რუსეთის ულტიმატუმზე დათანხმება. ამიტომ, ვფიქრობ, სწორედ პოლიტიკურ დონეზე იქნება დიდი წინააღმდეგობა დასავლეთის მხრიდან“.
„ახლა საინტერესო იქნება კონტრაქტის დამატებითი შეთანხმებების ხელმოწერებზე დაკვირვება, – ამბობს სტანისლავ მიტრახოვიჩი. – ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად მთელი იმ პროპაგანდისა, რომ დასავლეთს რუსული გაზი არ სჭირდება, ის მაინც საჭირო აღმოჩნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რა საჭიროა ახალი შეთანხმებების დადება?“

დასავლეთის ქვეყნების რეაქცია

დასავლეთის ქვეყნების ნაწილი (მაგალითად, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები) აცხადებენ, რომ გაზის საფასურის რუბლით ანგარიშსწორება შეუძლებელია და მხარს უჭერს რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტას, ნაწილი (მაგალითად, ბულგარეთი, თურქეთი და სერბეთი), პირიქით, ამბობს, რომ რუბლით ანგარიშსწორების არანაირი პრობლემა არა აქვს.
გერმანიაშიც არ არის აღნიშნულ საკითხზე ერთგვაროვანი პოზიცია.
ალექსანდრ ფროლოვს მიაჩნია, რომ კონტრაქტების დამატებით შეთანხმებებს დასავლეთის ყველა ქვეყანა მოაწერს ხელს.
„ზოგიერთი კონტრაქტი ალბათ შეწყდება. სავარაუდოდ, ვადაზე ადრე ხელშეკრულებას შეწყვეტს პოლონური PGNiG. თუმცა ეს გამოწვეული იქნება იმით, რომ მისი ვადა ისედაც 2022 წლის ბოლოს იწურება, ხოლო გაგრძელებაზე საუბარი არ მიმდინარეობს“, – ამბობს ექსპერტი.
ექსპერტ სტანისლავ მიტრახოვიჩის აზრით, ევროპული კომპანიების ნაწილი მაინც დათანხმდება რუბლზე გადასვლას. „მაგალითად, ბულგარეთმა უკვე განაცხადა რუბლის გადახდის მზადყოფნაზე“.
პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებზე (ბალტიისპირეთისა და ალბათ უკრაინის გარდა) ეს გადაწყვეტილება არანაირად არ აისახება, ფიქრობენ ექსპერტები. მოლდოვამ უკვე გამოხატა რუბლით ანგარიშსწორების მზადყოფნა. ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმაც დაუჭირა მხარი ინიციატივას.
„რუბლზე იძულებითი გადასვლა მოქმედებს მხოლოდ „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ – განაგრძობს იგორ იუშკოვი. – ამიტომ, მაგალითად, სერბეთის პანიკური განცხადება საკმაოდ უცნაურია, მათ ხომ არავინ აიძულებს სხვა ვალუტაზე გადასვლას. ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს“.

რა მოუვა რუბლს?

ოთხშაბათს დოლარის კურსი ბირჟაზე დაახლოებით 100 რუბლი იყო. თუმცა პუტინის განცხადების შემდეგ კურსი 95 რუბლამდე შემცირდა.
ექსპერტების აზრით, ეს ტენდენცია გაგრძელდება და გადაწყვეტილება დადებითად აისახება რუსულ ვალუტაზე.
„ამ სიახლემ გამოცხადებისთანავე გაამყარა ჩვენი ვალუტა 5 რუბლით – ამბობს აიაზ ალიევი. – გრძელვადიან პერსპექტივაში კი ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეცედენტი სხვა სექტორებსა და დარგებში. ეს რუბლზე მოთხოვნილებას გაზრდის, რაც, უეჭველია, კურსზეც აისახება“.
„რუბლის კურსზე ეს პოზიტიურად აისახება, რადგან ქვეყანაში ვალუტა ნამდვილად შემოვა, მინიმუმამდე დაიწევს სახსრების გაყინვის რისკები“, – განაგრძობს სტანისლავ მიტრახოვიჩი.

როგორ იმოქმედებს ეს გაზის ფასზე?

პუტინის განცხადების შემდეგ ევროპაში გაზის ფასი 23 მარტს 20%-ზე მეტით გაიზარდა და ათასი კუბომეტის ღირებულებამ 1500 დოლარი შეადგინა.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ გაზი შეიძლება გაძვირდეს სიტუაციის შემდგომი განვითარების ფონზე.
„თუ რუბლით ვაჭრობა მყიდველისთვის მისაღები არ იქნება, ე.ი. ვაჭრობა არ იქნება. მაშინ გაზის ფასი ევროპაში ძალიან მაღალი იქნება. თუ ანგარიშსწორება რუბლით იწარმოებს, ფასებმა შეიძლება ცოტათი დაიწიოს კიდეც“, – აღნიშნავს სტანისლავ მიტრახოვიჩი.
ალექსანდრ ფროლოვის აზრით, ფასები ამ გადაწყვეტილების გამო არ გაზრდილა. მსოფლიო 2021 წელს დაწყებული ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისის სიტუაციაშია. ამიტომ, მისი სიტყვებით, ნებისმიერი ახალი ამბის შედეგად, რომელიც ენერგომატარებლებს ეხება, ფასები მკვეთრად რყევას იწყებს.
„რყევა იწყება, როგორც წესი, ზრდის მხარეს, რადგან ევროკავშირში კულტივირებულია მოსაზრება, რომ რუსეთმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ენერგომატარებლების მიწოდება. დასავლეთს კვლავ უჩნდება სურვილი, მოიმარაგოს გაზი, იზრდება მოთხოვნილება და მკვეთრად იზრდება ფასიც“, – ამბობს ექსპერტი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0