არჩეულია საპროკურორო საბჭოს სამი ახალი წევრი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
პროკურორთა კონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფების მიერ სულ წარმოდგენილი იყო ცხრა კანდიდატი.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიმართა, საპროკურორო საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
საბჭოს წევრები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი ცხრა კანდიდატიდან აირჩიეს პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა – ფარული კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით.
საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები გახდნენ: ალექსანდრე მუყასაშვილი, ეკატერინე ხარებავა და შოთა ტყეშელაშვილი.
ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუვენსი, საქართველოს პროკურატურის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საპროკურორო საბჭოს არჩეული წევრები საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ ირაკლი შოთაძემ წარადგინა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის რვა პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.
საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია, რომლის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ასევე, თუ ის დაიკავებს საპროკურორო საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას.
ყველა ახალი ამბავი
0