ანასტასია ორბელიანის მარადიული სიყვარული, ანუ ამბავი „ყირიმის მარგალიტისა“

CC BY-SA 3.0 / V. N. Popov / ანასტასია ორბელიანი-გაგარინას სასახლე ყირიმში
ანასტასია ორბელიანი-გაგარინას სასახლე ყირიმში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, პლაკას კონცხზე, რომელიც ოდესღაც თავადი გაგარინების სამფლობელო იყო, აღმართულია ზღაპრული ციხე-სიმაგრე — „ყირიმის მარგალიტი“.
შუა საუკუნეების გოთური სტილის ნაგებობა, რომელიც მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცა, დავით ორბელიანის ასულს ანასტასიას ეკუთვნოდა. ანასტასია ორბელიანმა მისი აგებით აღასრულა დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მეუღლის ოცნება და ამით სიმბოლური ძეგლი დაუდგა დიდ სიყვარულს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1845 წელს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თავადი ალექსანდრე გაგარინი, რომელიც საქართველოში ახლად შერთულ ცოლთან — თავადის ასულ მარია ბოროზდინასთან ერთად ჩამოვიდა.
მარია, ანუ მაშა ქუთაისში მალე დაუმეგობრდა ქართველ თავადის ასულ ანასტასიას, ანუ უბრალოდ ტასოს, როგორც შინაურები ეძახდნენ. ანასტასიას დედა მანანა ორბელიანი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნეოდა. გარეგნულად ტასო დედას ჰგავდა. ამასთან ძალიან გონიერი, მხიარული და გულღია ადამიანიც იყო, თუმცა პირად საიდუმლოს მხოლოდ უახლოეს ადამიანებს ანდობდა.
© National Library of Georgiaანასტასია ორბელიანი-გაგარინა
ანასტასია ორბელიანი-გაგარინა - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
ანასტასია ორბელიანი-გაგარინა
ტასოს სწორედ ასეთად მიაჩნდა გაგარინის მეუღლე. სამწუხაროდ, მათი მეგობრობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაშას ნამდვილად არ მოუხდა დასავლეთ საქართველოს ნესტიანი ჰაერი, ხშირად ავადმყოფობდა და ქუთაისში ჩამოსვლიდან მალევე — 1849 წელს ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა.
მაშას სიკვდილმა თავადი გაგარინი და ანასტასია კიდევ მეტად დააახლოვა. ისინი საერთო ტკივილმა გააერთიანა და მათ შორის უდიდესმა გრძნობამ იფეთქა. ამ დროს ანასტასია 28 წლის იყო, ხოლო თავადი გაგარინი — თითქმის 25 წლით უფროსი.
ალექსანდრე გაგარინმა და ტასო ორბელიანმა მარია ბოროზდინას გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ იქორწინეს. თუმცა არც მათი ბედნიერი თანაცხოვრება გაგრძელებულა დიდხანს. 1857 წელს ალექსანდრე გაგარინი სვანეთის უკანასკნელმა მთავარმა — კონსტანტინე დადეშქელიანმა მოკლა.
ანასტასიამ საშინლად განიცადა ქმრის სიკვდილი. მაგრამ მწუხარებით განადგურებულ ქალს ნათესავები მოსვენებას არ აძლევდნენ: ახალგაზრდა, ლამაზი და მდიდარი ხარ და უამრავი ახალგაზრდა და ღირსეული ადამიანი გეტრფის, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, გათხოვდი და ბედნიერებას ეწიეო.
ასეთი შეგონებებით თავმობეზრებულმა ანასტასიამ საკუთარ ოჯახთან და ახლობლებთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა, სამშობლო დატოვა და ყირიმში, ქმრის მამულში გადასახლდა.
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2018
დადეშქელიანის მოკლული გაგარინი, სვანეთის გაუქმებული სამთავრო და ტასო ორბელიანის ოცნება
ანასტასიას საკუთარი შვილი არ ჰყავდა და სხვისი ბავშვების გასახარად არაფერს იშურებდა. ყველა გაჭირვებულს უმარათავდა ხელს, ვისაც კი მიუმართავს მისთვის. მთელი ცხოვრება ეხმარებოდა უპოვართ — ზოგს ფულით, ზოგს სურსათით და ზოგს სამსახურის გამოძებნით. თავადის ქალმა თავის მამულში პატარა საავადმყოფოც ააშენა, სადაც ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლებს მკურნალობდა. ამიტომაც დაიმსახურა მათგან დიდი სიყვარული და პატივისცემა.
ანასტასია და თავადი გაგარინი ოცნებობდნენ, რომ კონცხზე ციხე-სიმაგრე აეგოთ. მართალია, ალექსანდრეს სიკვდილმა ხელი შეუშალა ამ სურვილის აღსრულებას, მაგრამ თავადის ქვრივმა მაინც შეძლო გარდაცვლილი მეუღლის ოცნების განხორციელება — ნიშნად მათი მარადიული სიყვარულისა.
ანასტასიამ დიდი დაგვიანებით, სიბერეში შესულმა, 1902 წელსღა წამოიწყო საოცნებო კოშკის მშენებლობა, რომელსაც იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილი არქიტექტორი ნიკოლაი კრასნოვი უძღვებოდა. თითქოს სიკვდილის მოახლოებას გრძნობდაო, ანასტასია გამუდმებით აჩქარებდა არქიტექტორს.
მშენებლობა 1907 წელს დასრულდა — კონცხის თავზე თეთრი მარმარილოთი და ვენეციური ბროლის ჭაღებით გაწყობილი სამსართულიანი ულამაზესი ციხე-სიმაგრე აღიმართა...
მაგრამ ანასტასია ორბელიანი-გაგარინისა იმავე წელს გარდაიცვალა, ოცნების სასახლეში დიდხანს ცხოვრება არ დასცალდა. ეს ქონება კი გაგარინის ნათესავებს დარჩათ. მერე კი, 1918 წელს, საჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მამულიცა და სასახლეც სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.
1927 წელს ყირიმში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სასახლე იმდენად მყარად იყო აგებული, რომ არათუ არ დანგრეულა, ბზარიც არ გასჩენია. კომუნისტებმა ორბელიანის სასახლე სანატორიუმად გადააკეთეს, ახლა კი იქ სასტუმროა განთავსებული.
და, მაინც, ადგილობრივებს ანასტასია ორბელიანის ამაგი არ დავიწყებიათ. ამჟამად სოფელ უტესში, სადაც ეს სასახლე დგას, ორად-ორი ქუჩაა, რომელთაგან ერთი პრინცესა გაგარინას სახელობისაა.
ხოლო ანასტასიას გარდაცვალებიდან ზუსტად 100 წლის თავზე, 2007 წელს ქართველი თავადის ქალის მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ არქიტექტორმა ვიქტორ გორდეევმა სასახლის წინ ბრინჯაოს ქანდაკება „სიყვარულის ხსოვნა“ დადგა.
ყველა ახალი ამბავი
0