საქართველოში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის ყველა ფორმის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია

© Pexels / Andrea Piacquadioთავის ტკივილი
თავის ტკივილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
საქართველოში ყოველ წელს მცირდება ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევები.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში ტუბერკულოზის ყველა ფორმის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია დაფიქსირდა – საშუალოდ 6,6% წელიწადში, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. გერმანელმა მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა 1882 წელს ტუბერკულოზის გამომწვევის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. 1905 წელს მეცნიერმა მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ეს დღე 1982 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტუბერკულოზთან და ფილტვების დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირის გადაწყვეტილებით დაარსდა და ტუბერკულოზის გამომწვევის — კოხის ჩხირის აღმოჩენის 100 წლისთავს დაუკავშირდა.

საქართველოში ბოლო წლებში აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სენსიტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის წარმატების მაჩვენებელმა 85%-ს, ხოლო MDR/RR-TB შემთხვევების მკურნალობის შედეგებმა 75%-ს მიაღწია.

სტატისტიკის თანახმად, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი შემცირდა 65%-ით, 100 ათას მოსახლეზე 112-დან 40-მდე. 2021 წელს ტუბერკულოზი 1.646 ადამიანს დაუდგინდა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.
2020-2021 წლებში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენის მნიშვნელოვან კლებას სპეციალისტები COVID-19 პანდემიას უკავშირებენ.
ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა. 2022 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა „მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“.
2016 წლიდან საქართველო აღარ შედის MDR-TB მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის. თუმცა, წამლისადმი რეზისტენტობის ტვირთი ჯერ კიდევ მაღალია, რაც წარმოადგენს ქვეყანაში ტუბერკულოზის ეფექტური ელიმინაციის მთავარ გამოწვევას.
სახელმწიფოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით საქართველოში ხელმისაწვდომია დაავადების ეფექტიანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
თამარ გაბუნია: C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი 67%-ით არის შემცირებული
მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდი GeneXpert აპარატების მეშვეობით. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში პაციენტები უზრუნველყოფილი არიან ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებზე მგრძნობელობის კვლევით, ასევე აივ-ინფექციასა და C ჰეპატიტზე უფასო ტესტის ჩატარებით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის მხარდაჭერით შემუშავდა მობილური ტელეფონის აპლიკაცია ვიდეომხარდაჭერით მკურნალობისთვის. აღნიშნული აპლიკაცია პაციენტს წამლების მისთვის მოსახერხებელ დროს მიღების და შემდეგ ვიდეოს ექთანთან გადაგზავნის საშუალებას აძლევს.
2018 წლიდან ვიდეომხარდაჭერით მკურნალობაში ჩაერთო 1,9 ათასზე მეტი პაციენტი.
ტუბერკულოზი — ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2015 წელს ტუბერკულოზით 10,4 მილიონი ადამიანი დაავადდა და ამ დაავადებამ 1,8 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ამ რიცხვების გათვალისწინებით, მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვან ინფექციურ მიზეზს ტუბერკულოზი წარმოადგენს.
ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში აქტიური ტუბერკულოზით ყოველწლიურად ავადდება 9 მილიონამდე ადამიანი და იღუპება დაახლოებით 1,5 მილიონი. გაეროს მიზანს 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულება წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0