ნატოს ქვეყნები სამხედრო ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშინატოს სიმბოლო ბრიუსელში
ნატოს სიმბოლო ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სტოლტენბერგს გენერალური მდივნის უფლებამოსილება 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაუხანგრძლივონ.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ნატოს ლიდერები უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ ფონზე თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ, ნათქვამია ბრიუსელში გამართული ბლოკის წევრი ქვეყნების სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
„ზომები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროებს შესაბამის რესურსებს. მოკავშირეები მნიშვნელოვნად ზრდიან თავიანთ თავდაცვით ხარჯებს", - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ ალიანსის აღმოსავლეთი ფრთის გაძლიერებაზე და ოთხი ტაქტიკური ჯგუფის განლაგებაზე რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, ნათქვამია განცხადებაში.
„მოკავშირეებმა გამოთქვეს სურვილი, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების კუთხით და ქიმიური და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ“,- ნათქვამია დოკუმენტში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა გააძლიერეს თავიანთი დაცვა პოტენციური ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ასევე გავზარდეთ მოკავშირეთა მზადყოფნა ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისთვის. ჩვენმა მთავარმა სამხედრო მეთაურმა, გენერალ ვოლტერსმა გააქტიურა ნატოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული თავდაცვის ელემენტები. მოკავშირეები განათავსებენ დამატებით ქიმიურ, ბიოლოგიურ, ბირთვულ თავდაცვის ელემენტებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი ახალი და არსებული საბრძოლო ჯგუფები“, - განაცხადა მან ბრიუსელში ალიანსის რიგგარეშე სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარების ფონზე, დაწერა სტოლტენბერგმა Twitter-ზე.
„მოხარული ვარ ნატოს ლიდერების გადაწყვეტილებით, გააგრძელონ ჩემი ვადა გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2023 წლის 30 სექტემბრამდე. ვინაიდან ჩვენი თაობის უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ალიანსის ერთიანობას და ვიცავთ ჩვენს ხალხებს“, დაწერა მან.
წელს სტოლტენბერგს ნატოს გენერალური მდივნის უფლებამოსილება ეწურება. 4 თებერვალს ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა დანიშნოს სტოლტენბერგი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე მას შემდეგ, რაც ის ალიანსის ხელმძღვანელის პოსტს დატოვებს. როგორც მოსალოდნელი იყო, მას ახალი თანამდებობა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს უნდა დაეკავებინა. მანამდე ალიანსის წევრებს ახალი გენერალური მდივნის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.
ყველა ახალი ამბავი
0