ივანიშვილმა Credit Suisse-ს სასამართლო პროცესი მოუგო

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკი იმაში დაადანაშაულა, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა და ვერ გაამართლა კლიენტის ნდობა.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ქართველმა მილიარდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში მოიგო სარჩელი დაახლოებით 500 მლნ დოლარზე შვეიცარიული ბანკის Credit Suisse წინააღმდეგ, იუწყება გამოცემა Financial Times.
შვეიცარიულმა ბანკმა უკვე დაადასტურა ინფორმაცია საქმის წაგების შესახებ და განაცხადა, რომ მზად არის დაკისრებული ვალდებულება თავის თავზე აიღოს.

„განვიხილავთ, საჭირო გახდება თუ არა რამე დამატებითი რეზერვები პირველი კვარტლის ანგარიშის ფარგლებში, რომელიც 2022 წლის 27 აპრილს უნდა გამოქვეყნდეს“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

Credit Suisse-თან დავის საფუძველი გახდა ბანკის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომელიც დამნაშავედ ცნეს კლიენტების ნდობის ბოროტად გამოყენებაში და თაღლითური სქემის შექმნაში. მას ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ლესკოდრონი პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლების პირად ქონებას მართავდა. მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილიც.
გამოძიების მონაცემებით, ბანკირი ექვსი წლის განმავლობაში ეწეოდა არაავტორიზებულ ინვესტიციებს და უცხოური კომპანიების აქციებს თავისი კლიენტების სახელით ყიდულობდა. საკუთარი ქმედებების დასაფარად ის აყალბებდა ხელმოწერებს და საკრედიტო ხელშეკრულებებს, კლიენტები შეცდომაში შეჰყავდა მათი ანგარიშების მოცულობასთან დაკავშირებით და Credit Suisse-ის ზედამხედველობის სისტემის გვერდის ავლით მოქმედებდა.
ბანკის მმართველს, რომელმაც ივანიშვილი მოატყუა, 5 წლით პატიმრობა შეეფარდა>>
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად - 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.
ამჟამად ქართველი მილიარდერის ქონება 4,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის Forbes-ის მილიარდერთა სიაში 589-ე ადგილს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0