საგარეო უწყება: უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით საქართველოში ორგანიზებულად, სახელმწიფოს დახმარებით ამ დროისათვის 2 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნება ეტაპობრივად გრძელდება.
უწყების ცნობით, დღეს ქალაქ რივნოდან ლვოვის მიმართულებით ორგანიზებულად მოხდა ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, საიდანაც ისინი უკვე პოლონეთის მიმართულებით, კერძოდ, ვარშავაში გაემგზავრებიან.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდება უკრაინის ტერიტორიიდან, კერძოდ, ლვოვიდან და ოდესიდან საქართველოს 60 მოქალაქის გადაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, საიდანაც ისინი გამოემგზავრებიან საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ისინი საქართველოში მოემგზავრებიან.
ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში. უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გარდა, ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში – რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.
24 საათის განმავლობაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, საიდანაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0