ქართველთა ძარღვებში ყივჩაღთა სისხლი არ ჩქეფს: რატომაა აქსიომად ქცეული მოსაზრება მცდარი

© Pixabay / josealbafotosძველი წიგნი
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
ქართულ საზოგადოებაში ლამის აქსიომადაა ქცეული მოსაზრება, თითქოს „ყივჩაღებმა გადაარჩინეს საქართველო“ და „ჩვენს ძარღვებში ყივჩაღთა სისხლი ჩქეფს“.
ჩვენი მიზანი ვინმესთან პოლემიკა ნამდვილად არაა, უბრალოდ, ვინაიდან, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი ქართველი იზიარებს ამ მოსაზრებას, ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ თემაზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ასეთი მცდარი ვერსიების პოპულარობა გარკვეულწილად ქართველი ისტორიკოსების დიდი „დამსახურებაა“, ვინაიდან ძალიან გადავამლაშეთ ყივჩაღების როლის შეფასებაში.
რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის თითქმის 30-საუკუნოვანი ისტორიის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში (საუბარია სულ რაღაც 10–15 წელზე) მათ გარკვეული პოზიტიური როლი შეასრულეს (ამას მათ არც არავინ უკარგავს), მაგრამ ტყუილ-მართალი ერთმანეთში ავურიეთ და ხალხმაც დაიჯერა ზოგიერთის დემაგოგია.
საინტერესოდ მოთხრობილი ამბები საქართველოს ისტორიიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ვინ იყვნენ და საიდან მოვიდნენ ყივჩაღები?

ეს თურქული მოდგმის ხალხი იყო, რომლებიც ხაზარებს შემოჰყვნენ აზიიდან ევროპაში. IX-X საუკუნეებში ყივჩაღები მაინცდამაინც მრავალრიცხოვანი არ იყვნენ და არცთუ დიდ ტერიტორიებს ფლობდნენ.
სურათი დიამეტრალურად იცვლება XI საუკუნის პირველი ნახევრიდან, როცა პაჭანიკებმა ყირიმი, დონისა და დნეპრის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და ეს ტერიტორია ყივჩაღებმა დაიკავეს.
XI-XII საუკუნეთა მიჯნა ყივჩაღთა ოქროს ხანად მიიჩნევა, როცა ისინი ყაზახეთიდან ბესარაბიამდე მომთაბარეობდნენ, იპყრობდნენ და ანადგურებდნენ რუსეთის სამთავროებს.
ყივჩაღები ველად ცხოვრობდნენ და თავს სტეპებში მომთაბარეობით ირჩენდნენ. იყვნენ სრულიად უწიგნურნი და ველურნი. სწამდათ, რომ უძველესი დროიდან მოიპოვეს მარადიული ბედნიერება, რომელსაც ჩვილი დედის რძესთან ერთად ითვისებდა.
მიაჩნდათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ებანავათ, თორემ ამით ბედნიერებას ჩამოირეცხდნენ. ჭამდნენ ყველაფერს, თანაც უმად და, ხშირ შემთხვევაში, გაუტყავებლადაც კი. მათი რელიგია იყო წარმართული, ეთაყვანებოდნენ მზესა და მთვარეს.
და ასეთი ხალხის პირისპირ დადგა დავით აღმაშენებელი. ასეთი ხალხის მორჯულება და გაქრისტიანება გადაწყვიტა საქართველოს უპირველესმა თვითმპყრობელმა.

ყივჩაღთა საქართველოში შემოსახლების მიზეზები

თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი აღმაშენებელმა, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ მათგან ოთხ ძირითადს გამოვყოფდით:
1.
ყივჩაღებმა ძალიან შეავიწროვეს ოსები, რომლებიც იმ დროს საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ. შესაბამისად, მათი შემწუხებლებისთვის პასუხი დავით აღმაშენებელს უნდა გაეცა, რათა ვასალი ოსები არ დაეკარგა. მაგრამ ყივჩაღებთან დაპირისპირება იმ დროს, როცა საქართველო დიდ ომს აწარმოებდა თურქ-სელჩუკებთან, სისულელე იქნებოდა. ამიტომ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ყივჩაღების საქართველოში გადმოსახლება რჩებოდა.
2.
„დიდმა თურქობამ“ და სელჩუკების წინააღმდეგ წარმოებულმა ინტენსიურმა ომებმა ასობით ათასი ქართველის სიცოცხლე შეიწირა. დავით მეფეს იმხელა ლაშქარი კი ჰყავდა, ახალი ქვეყნები შემოეერთებინა, მაგრამ აღებულ ციხე-ქალაქებში ჩასაყენებლად და მათ შესანარჩუნებლად კიდევ დამატებითი ძალები იყო საჭირო. საჭირო იყო სპის მნიშვნელოვნად გაზრდა, რის საშუალებასაც მაშინდელი მწირი დემოგრაფიული რესურსი არ იძლეოდა. ამიტომაც შექმნილ ვითარებაში ყივჩაღთა საქართველოში ჩამოსახლებას სხვა ალტერნატივა არ გააჩნდა.
3.
დავით აღმაშენებელმა აქცენტი პროფესიული ჯარის შექმნაზე გადაიტანა, ხოლო ყივჩაღები უბადლო მეომრები და ბრწყინვალე მხედრები იყვნენ. ველად გაზრდილ მომთაბარეებს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეეძლოთ ბრძოლა: მათთვის პაპანაქება, ქარბუქი თუ კოკისპირული წვიმა ომში ხელშემშლელი ფაქტორი არ იყო.
4.
დავითის დროინდელი საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგეები სელჩუკები იყვნენ, რომელთა ძირითადი უპირატესობა გაშლილ სივრცეზე ბრძოლის უნარსა და ელვისებურ მანევრირებაში მდგომარეობდა. ამ უპირატესობის გასანეიტრალებლად საქართველოს სჭირდებოდა ეფექტური მსუბუქი კავალერია. და ეს მომთაბარე ყივჩაღები იყვნენ.
დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები 1118 წელს, ანუ იმ დროს ჩამოასახლა, როცა მას უკვე აღებული ჰქონდა რუსთავი, ლორე და გიში. ამის შემდეგ მისი სამხედრო ამოცანები გაშლილ სივრცეებზე გადიოდა და, შესაბამისად, მეფის გათვლები აბსოლუტურად სწორი იყო. რაც შესანიშნავად გამოჩნდა შირვანის ომისას.
მაშინ საკუთარი არმიის უპირატესობაში დარწმუნებულმა სულთანმა მაჰმუდმა დავითს შეუთვალა, შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერასდროს გაბედავ ველზე გასვლასო. მაგრამ შირვანში აღმაშენებლის არმია რომ იხილა, სელჩუკთა სულთანს გამომწვევი ტონი უმალ გაუქრა, სამშვიდობო განწყობაზე დადგა და ქართველთა მეფეს ყველაფერი დაუთმო, რისი მიღებაც ამ უკანასკნელს სურდა.
ასეა თუ ისე, 1118 წელს საქართველოში 200 ათასი ყივჩაღის გადმოსახლების პროცესი დაიწყო.

ნიშანდობლივია, რომ დავით მეფემ უცხოტომელები საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად კი არ დაასახლა, არამედ საზღვრის მთელ გაყოლებაზე გაფანტა.

ქვეყნის შიგნით მათი დასახლება საჭირო არც იყო. ქართული მიწა-წყალი თურქ-სელჩუკებისგან უკვე გათავისუფლებული იყო, შიდა თუ გარე მტერი — დამარცხებული, ქვეყანაში წესრიგი სუფევდა და მაშ რა ესაქმებოდათ ყივჩაღებს საქართველოს ტერიტორიაზე? — არც არაფერი!
მით უმეტეს, რომ ისინი ერთმანეთისგან ვერც კი ასხვავებდნენ ქართველსა და არაქართველს. ქართველებსაც ატყვევებდნენ ხოლმე და მერე მეფე ათავისუფლებდა, უკან აბრუნებდა მათ.
ის კი არა, ყივჩაღებმა თავად აღმაშენებელსაც რამდენჯერმე მოუწყეს აჯანყება, სასიკვდილოდაც არაერთხელ გაიმეტეს...
ყივჩაღები დავით აღმაშენებელს საზღვრების დასაცავად და უცხოეთში სალაშქროდ ესაჭიროებოდა. ამიტომაც დაასახლა ისინი სომხეთსა და აზერბაიჯანში. აქ მათ უნდა მიეღოთ მარბიელი ურდოების პირველი დატყმები და დაეცვათ ქვეყნის საზღვრები. როგორც ერთი არაბი ისტორიკოსი წერს: დავით აღმაშენებლის მიერ გაწვრთნილ ყივჩაღთა ლაშქრის ნავარდობა მეზობლებს შიშის ზარსა სცემდა თურმე.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, იმის მტკიცება, თითქოს ქართველთა ძარღვებში ყივჩაღთა სისხლი ჩქეფს, ნადვილად გადაჭარბებულია.
მით უმეტეს, რომ დავით IV აღმაშენებლი მათი ჩამოსახლებიდან მოკლე ხანში, შვიდიოდე წელიწადში გარდაიცვალა, ხოლო მის მემკვიდრე დემეტრე პირველს ყივჩაღებთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ უცხოტომელებმა მისი გამეფების პირველსავე წლებში მასობრივად დატოვეს საქართველო და დარუბანდის გზით უკან გაბრუნდნენ. საქართველოში მათი უმნიშვნელო ნაწილიღა დარჩენილა, ძირითადად უკვე გაქრისტიანებულები.
ყველა ახალი ამბავი
0