ეროვნულ გალერეაში ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა „თეთრი წრე“ გაიხსნა

© courtesy of GNMuseumდიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეა - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
მხატვრის თითოეული ნაწარმოები კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენასა და გამოცდილებას უკავშირდება.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა ქართველი მხატვრის ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა „თეთრი წრე“.
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 70-მდე ფერწერული ტილო, რომელთა ხილვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს 12 აპრილამდე ექნებათ.
გამოფენის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სასიხარულო ფაქტია, რომ ქართველ მხატვრებს ეროვნულ გალერეაში გამოფენების მოწყობის საშუალება კვლავ ეძლევათ. კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნული გალერეის კონცეფცია შეიცვალა, მას გალერეის ფუნქცია დაუბრუნდა და ქართველ მხატვრებს საშუალება აქვთ გალერეაში მათი ნამუშევრების გამოფენები მოაწყონ.
მიმდინარე წელს ეროვნულ გალერეაში კონკურსის წესით შერჩეული პროექტების კიდევ 21 გამოფენა მოეწყობა.
ზაალ ბაჩანაშვილი 1954 წელს თელავის რაიონის სოფელ ლეჩურში დაიბადა. სამხატვრო განათლება მან 1968-1971 წლებში თელავის სამხატვრო სკოლაში მიიღო, ხოლო 1973 წლიდან სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო.
ზაალ ბაჩანაშვილის არაერთი გამოფენა წარმატებით მოეწყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მხატვრის თითოეული ნამუშევარი უკავშირდება კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენასა და გამოცდილებას, რომლის არსი, მხატვრის რწმენით, მიწიერი და ყოფითი ცხოვრების ზეციურთან თანაზიარობაა.
ყველა ახალი ამბავი
0