ქართველ ექსპორტიორებს გასაღების ახალი ბაზრების მოძიებისკენ მოუწოდებენ

© REUTERS / PASCAL ROSSIGNOLმიწის დამუშავება
მიწის დამუშავება - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
ახალი ბაზრების მოძიებაში სახელმწიფო ექსპორტიორებს მხარს დაუჭერს, აღნიშნავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ექსპორტიორებმა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე აქტიურად უნდა იმუშაონ, სახელმწიფოს მხრიდან კი მხარდაჭერა ექნებათ, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების სამეულში თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი შედიან. 2021 წელს რუსეთმა პირველი ადგილი დაიკავა – საქონელბრუნვამ 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანად საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„შეხვედრა გვქონდა საადრეო კარტოფილის და ატმის მწარმოებელ ფერმერებთან და ექსპორტიორებთან. მათი შემოსავალი დამოკიდებულია რეალიზაციის შესაძლებლობებზე – სად გაიტანენ, როგორ მოახდენენ ექსპორტს. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ შესაძლო რისკებზე, რასაც არსებულ მოვლენათა პირობებში შეიძლება ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა ხანიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო მხარს დაუჭერს იმპორტიორებს გასაღების ახალი ბაზრების მოძიებაში.
„წელს როგორც ატმის, ისე საადრეო კარტოფილის დიდ მოსავალს ველოდებით. გასული წლის წარმატებულმა შედეგებმა ფერმერებს მისცა სტიმული, რომ მეტი ემუშავათ, ეზრუნათ და მეტი მოსავალი მიეღოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდეს ყველაფერი, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ პროდუქციის რეალიზება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფერმერები და ექსპორტიორები უკვე აქტიურად მუშაობენ პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული ბაზრების მოძიების მიმართულებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროკავშირის ქვეყნებთანაც.
„ჩვენ მზად ვართ ექსპორტი განვახორციელოთ იმ ბაზრებზე, რომლებზეც აქამდე ვმუშაობდით; თუმცა აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპულ ქვეყნებთან, სადაც უკვე გვაქვს მცირე გამოცდილება... მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურს ამ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ექსპორტიორმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მწარმოებლებთან, ექსპორტიორებთან და იმპორტიორებთან შეხვედრებს აქტიურად მართავს. ატმის, ვაშლატამასა და საადრეო კარტოფილის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით სამინისტრო კომუნიკაციას მომავალშიც გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0