ინაშვილი: საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სამხედრო ნეიტრალიტეტის მომხრეა

© photo: Sputnik / Stringerირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ნატოსთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა განცხადება არის ტყუილი – საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სამხედრო ნეიტრალიტეტი სურს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა პროკურატურას „საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტის“ მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილი ღია წერილის გამო მიმართა. წერილის ავტორები საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის მხარდამჭერები არიან, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამენ.

„რა უნდა გამოიძიოს პროკურატურამ? რატომ მივწერეთ წერილი რუსეთის პრეზიდენტს, რომ ომი არ გვინდა? დააკვირდით: ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდა!!! ამას ეხება წერილი და ამის გამო ვინმემ გამოძიება უნდა დაიწყოს?! ეს სასაცილო არაა?!“ – დაწერა ინაშვილმა სოციალურ ქსელში.

ღია წერილი თებერვალში გავრცელდა. წერილს ხელი „საქართველოს პატრიოტთა ერთიან ფრონტში“ შემავალმა 55-მა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოაწერა.
საქართველოს 50-ზე მეტმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ პუტინს მიმართა>>>
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ეს სამშვიდობო წერილია, ისევე, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებისადმი მიწერილი წერილი, რომელიც მარტში გავრცელდა.
„რა წერია წერილში? სულ სამი რამ: 1. საქართველოს ომი არ უნდა არავისთან, არც ერთ მეზობელთან! 2. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ნეიტრალიტეტი. 3. მოდით, დავიწყოთ მოლაპარაკებები დეპუტატების დონეზე“, – აღნიშნა ინაშვილმა.
„საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი“ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს და წვლილი შეიტანოს საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტში. როგორც წერილშია აღნიშნული, „უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ნეიტრალიტეტი საუკეთესო გამოსავალია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა“.
ნეიტრალიტეტი საქართველოსა და უკრაინისთვის: საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტის მიმართვა>>>

„მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება, ნეიტრალიტეტის თემა აქტუალური ხდება, თავად უკრაინას მიჰყავს მოლაპარაკებები რუსეთთან უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე! ზელენსკი ღიად აცხადებს, რომ ნატო მათთვის დამთავრდა და ვიმეორებ: მიდის შეთანხმება ნეიტრალიტეტზე, ნეიტრალიტეტის უკრაინულ მოდელზე!“ – დაწერა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადებით, ყოფილი მმართველ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიოს.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას. პარტიის ლიდერები არაერთხელ იმყოფებოდნენ მოსკოვში.
პარტია 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა. 2014 წელს პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებზე მეოთხე შედეგი აჩვენა (4,72%). 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 5,01% აიღო და პარლამენტში მოხვდა, ხოლო 2020 წლის არჩევნებზე მან 3,14% მიიღო.
მიუხედავად შედეგისა, პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, თუმცა პარტიული სიის ოთხი დეპუტატი, რომლებმაც „ალიანსი“ დატოვეს, პარლამენტში შევიდნენ და პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს.
ყველა ახალი ამბავი
0