ევროპა მზად არაა ახალი მიგრაციული კრიზისისთვის

© photo: Sputnik / Ilia Pitaliov
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
ელენა კარაევა
არსებობს ადგილისა და დროის სამი გარემოება, როდესაც ადამიანიც და პოსტინდუსტრიული საზოგადოებაც ჭეშმარიტად გამოიცდება სიმტკიცეზე: სტიქიური კატასტროფები, ტექნოლოგიური კატასტროფები და მიგრაციული კრიზისი.
როცა სახელმწიფო სტრუქტურებმაც და რიგითმა მოქალაქეებმაც მომენტალურად უნდა ჩამოიფერთხონ ეგოიზმისა და სიფრთხილის ქერცლი და ბედის კარზე კაკუნს ღირსეულად და მშვიდად უპასუხონ.
დღეს ერთიანი ევროპისთვის სწორედ ასეთი ნაბათი გაისმა, რომელიც მოუწოდებს მსოფლიოს, რომ „ოქროს მილიარდის“ თითოეულმა წარმომადგენელმა თუნდაც ყურადღება მიაქციოს იმას, რაც თანამეგობრობის საზღვრებზე ხდება.
გაეროს ცნობით, უკრაინიდან, სულ მცირე, ათი მილიონი ადამიანი ან თავისსავე ქვეყანაში იქცა იძულებით გადაადგილებულად, ან საზღვარგარეთ გაიქცა.
ამაყობს რა თავისი ჰუმანიზმითა და თითოეული ადამიანისადმი პატივისცემით, გაერთიანებულმა ევროპამ ეს შთამაგონებელი ლოზუნგები საქმით უნდა დაადასტუროს.
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, გაერთიანებულმა ევროპამ ახლა, სწორედ ამ მომენტში უნდა გადაუშალოს მკლავები მათ, ვინც ერთიანი ევროპის გულგრილობის შედეგადაც დაკარგა სახლი.
სამ მილიონზე მეტი უკრაინელი, ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები, აღთქმულ კონტინენტზე აღმოჩნდნენ, რომელიც, როგორც ცნობილია, სავსეა დემოკრატიით, თავისუფლებითა და რძის მდინარეებით.
ყოველივე ზემოთქმული არის ის, რის თქმაც ჩვეულებრივად არის მიღებული გაერთიანებულ ევროპაზე საუბრისას.
მაგრამ თავდაპირველად — მცირე ისტორიული გადახვევა. შვიდი წლით უკან დავიხიოთ.
სირიაში სისხლიანმა კონფლიქტმა, რომელიც ევროკავშირის დახმარებითაც დაიწყო „ადამიანის უფლებების“ დაცვის დროშით და რომლის მიზანიც დამასკში ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა იყო, მილიონობით მოქალაქე აყარა თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან — საკუთარ ქვეყანაში, თავიანთ მიწაზე, თავიანთი ადათ-წესებისა და ტრადიციების მიხედვით მცხოვრებნი და საკუთარ ენებზე მოსაუბრენი. ეს ხალხი ყველანაირად ცდილობდა ევროპაში შეღწევას. ევროპას კი, როგორც ყველას გვახსოვს, თავიდან გულყრა დაემართა და თანამეგობრობის საზღვრები ჩაიკეტა. კარის გახსნას დიდი დრო, განცხადებები, შეხვედრები დასჭირდა. საბოლოოდ, გერმანიის იმდროინდელი კანცლერის, მერკელის პოლიტიკური ზეწოლით დემოკრატიული გაერთიანებული ევროპის კარი გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ არადემოკრატიულმა საუდის არაბეთმა სირიიდან თითქმის ორჯერ მეტი ლტოლვილი მიიღო — პათოსის გარეშე, ჩუმად და მშვიდად. მას არც იორდანია ჩამორჩა, რომელმაც რამდენიმე მილიონი სირიელი მეზობელი შეიფარა. ეს ადამიანები უბრალოდ კი არ მიიღეს მყისიერად, მათ თითქმის ავტომატურად გადაეცათ შესაბამისი დოკუმენტები, რათა მუშაობა, სწავლა და ახალი ცხოვრების აშენება შეძლებოდათ ახალ ადგილზე და ახალ გარემოებებში.
მეორე მხრივ, სირიელების მიღებას ევროპაში ისეთი შედეგები მოჰყვა, რომ თანამეგობრობის არსებობა რაღაც მომენტში საფრთხის ქვეშ დადგა.
მაშინ არც პოლონეთს და არც ბალტიისპირეთის ქვეყნებს არ სურდათ ლტოლვილების მიღება. გახსოვთ?
მაშინ, ამ ქვეყნებზე ზეგავლენა რომ ჰქონოდა, ევროკავშირმა დააყენა წინადადება, კანონით შემოეღოთ სავალდებულო კვოტები მათ მისაღებად, ვინც იძულებული გახდა თავისი ქვეყნიდან გაქცეულიყო — მათ შორის ევროკავშირის ქცევის შედეგადაც.
სირიელების იაფფასიან სოციალურ საცხოვრებლებში განთავსების, შეღავათების გამოყოფის, ბინადრობის ნებართვების გადაცემის შემდეგ ევროკავშირს იმედი ჰქონდა, რომ შვებით ამოისუნთქებდა. მაგრამ ექვსი თვის წინ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სამარცხვინოდ გაიქცნენ ავღანეთიდან, მიატოვეს რა ისინი, ვინც მათ ენდო.
უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებული კრიზისი უპრეცედენტოა ევროპის თანამედროვე ისტორიაში – არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი რაოდენობა მილიონობით იზომება, არამედ იმიტომაც, რომ გაერთიანებულ ევროპას ყველაზე სუსტ და დაუცველ ფენებთან ექნება საქმე. ძლიერ კონტინენტს თითქოს ყველა შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, რომ კოლექტიური სულის სიდიადე წარმოეჩინა, ეჩვენებინა, რა შეუძლია.
აი, რამდენიმე თვისება, რომელიც ამ სულს ახასიათებს.
პირველი პოლონეთი აკვნესდა და თქვა, რომ მისი შესაძლებლობები პრაქტიკულად ამოწურულია. არც ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ ზედმეტ გულმოდგინებას: მაინცდამაინც მდიდრები არ ვართო.
უნგრეთში თვითონ მოხალისეები ამბობენ, ზოგიერთი ლტოლვილი მზად არის სახლში დაბრუნდეს. ყველა არა, მაგრამ ეს ვექტორი თავისებურად სახასიათოა. ლტოლვილებს ჯერჯერობით კვლავ იღებს ევროკავშირის ორი უმდიდრესი ქვეყანა — საფრანგეთი და გერმანია. ეს ერთი შეხედვით. ხოლო თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ სტუმართმოყვარეობის ვადები შეზღუდულია. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ჩასულებს სამი წელი შეუძლიათ დარჩნენ. ლეგალური სტატუსის დაჩქარებული მიღება ნიშნავს, რომ დაცვა ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს, შემდეგ კი უნდა განახლდეს. ორჯერ. ორივეჯერ თითო წლით.
ქონებრივი სიტუაციაც ქაღალდზევე ჩანს კარგად: ლტოლვილებს დღეში 20 ევროზე ნაკლები ეძლევათ შემწეობის სახით. და ეს მხოლოდ იმდენია, რომ ადამიანი შიმშილით არ მოკვდეს.
რა თქმა უნდა, არსებობს სამსახურის პოვნის შესაძლებლობა — გერმანიასა და საფრანგეთში. მართალია, ამას ძნელად შეიძლება ეწოდოს „საოცნებო სამუშაო“ — არა იმიტომ, რომ იმდენს არ გადაიხდიან, რამდენსაც ადგილობრივებს უხდიან; არა იმიტომ, რომ ევროპელები ძუნწები არიან, არამედ იმიტომ, რომ, პრინციპში, ასეთია საქმის არსი. ასე ფასდება იქ სხვისი შრომა.
ასე რომ, ევროპა, ჩააფლავა რა ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ ჰუმანიზმის გამოცდა, შემდეგ კი საკუთარი შიშები და ფობიები წარმოაჩინა პანდემიის დროს, ამჯერად, როგორც ჩანს, ცდილობს სახე შეინარჩუნოს და ამავდროულად ფართო ნაბიჯებით მიემართება ჰუმანიტარული გაკოტრებისკენ.
მეორე მხრივ, დროულად ღალატი, როგორც ეს ერთ ძველ ანეგდოტშია, ვალდებულებების დარღვევას კი არ ნიშნავს, არამედ წინასწარმეტყველების ნიჭზე მეტყველებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0