თავდაჯერებული ბავშვები იშვიათად ხდებიან ავად: მეცნიერთა დასკვნა

© Flickr / Chris & Karen Highland / consumer confidence!თავდაჯერებული ბავშვი
თავდაჯერებული ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. რაც უფრო მაღალია ადამიანის თავდაჯერებულობა, მით უფრო ჯანმრთელია იგი, ვინაიდან ეს თვისება ორგანიზმს სტრესების ღრმა და ყოვლისმომცველი გავლენისგან იცავს, აცხადებენ მეცნიერები.
იაპონელმა ფიზიოლოგებმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაასკვნეს, რომ თავდაჯერებულ ადამიანებს სტრესი როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ასპექტში განსაკუთრებული შედეგების გარეშე გადააქვთ.
ექსპერიმენტში 2011 წლის მიწისძვრის მომსწრე სტუდენტებისა და მოსწავლეების დიდი ჯგუფი მონაწილეობდა. ტესტირებისას გამოვლინდა, რომ ისინი, ვინც თავდაჯერებულობის მაღალი დონით გამოირჩეოდნენ, სტრესულ სიტუაციას ძალზე ეფექტურად და სწრაფად უმკლავდებოდნენ. ანუ ის თვისება, რომელსაც ხშირად ნაკლად მიიჩნევენ, სინამდვილეში ძალიანაც სასარგებლოა.
ბრიტანელი სწავლულები კი კიდევ უფრო შორს წავიდნენ, დაამტკიცეს, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ბავშვები იშვიათად ხდებიან ავად და თითქმის არასდროს აწუხებთ ჭარბი წონა.
healthystyle.info წერს, რომ ექსპერტებმა, სანამ ასეთ დასკვნამდე მივიდოდნენ, უამრავი ბავშვისა და მათი ოჯახების ცხოვრება შეისწავლეს, მთელი ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ კვლევაში მონაწილე 7.500 ბრიტანელს.
გაირკვა, რომ იმათ, ვისაც მშობლები დაახლოებით 10 წლიდან უღვივებდნენ თავდაჯერებულობას, 30 წლის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ არც ჭარბწონიანობას შეუწუხებია, ავადაც იშვიათად ხდებოდნენ და არც სტრესს განიცდიდნენ; რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ: არ ეწეოდნენ, არ სვამდნენ და არ იღებდნენ ნარკოტიკებს.
სწორედ ამიტომ ბრიტანელი მეცნიერები მშობლებს მოუწოდებენ, ქებით ხშირად წაახალისონ შვილები და განუვითარონ თავდაჯერებულობა.
უფრო მეტიც: ამერიკელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 53-დან 60 წლამდე ასაკის 52 ადამიანი მონაწილეობდა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ თავდაჯერებულობასა და გრიპის ვირუსით დაავადებას შორის უხილავი კავშირი არსებობს.
როგორც აღმოჩნდა, თავდაჯერებულ ადამიანებს ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ ორგანიზმში ბევრად მეტი რაოდენობით ანტისხეული ჰქონდათ შენარჩუნებული, ვიდრე დაბალი თვითშეფასების მქონეთ.
ყველა ახალი ამბავი
0