სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა განაახლა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამ ყოფილ თანამშრომელს.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის მომზადების შესახებ გახმაურებული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს განახლდა.
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) სამ ყოფილ თანამშრომელს – გიორგი მერებაშვილს, ასევე პატიმრობაში მყოფ რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას. მერებაშვილი სასამართლომ გამოძიების დასრულებამდე საპატიმროში დატოვა.
შიუკაშვილი ოთხწლიან სასჯელს იხდის პოლიტიკოსების მონაწილეობით ინტიმური შინაარსის ფარული ვიდეოჩანაწერების შექმნის საქმეზე. თბილისის სასამართლომ განაჩენი მას 2017 წლის ივლისში გამოუტანა. გარდა ამისა, შიუკაშვილი 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის საქმის მონაწილეა.
რაც შეეხება ლევან ქარდავას, მას 2014 წელს მიუსაჯეს 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა 2006 წლის „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა.
დღევანდელ პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით გამოვიდნენ.
სასამართლოში საქმის განხილვას ესწრებოდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი, რომელმაც უარყო პატარკაციშვილის მკვლელობასთან კავშირი, ხოლო აუდიოჩანაწერს, რომელიც პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა, გაყალბებული უწოდა.
იგი უარყოფს ასევე იმ ფაქტს, რომ უთვალთვალებდა პატარკაციშვილის დაცვის წევრებს.

როგორც ჟურნალისტებს პროცესის შემდეგ შიუკაშვილმა განუცხადა, მისი პოზიცია საქმეზე მრავალი წელია ცნობილია, ეს უბრალოდ დევნაა და მას არ ჰქონია კომუნიკაცია პატარკაციშვილის დაცვის წევრებთან.

თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატი გია გოროზია მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდება.
მაგრამ საქმის პროკურორი დავით კიკაჩეიშვილი დარწმუნებულია სასამართლოში წარდგენილი საქმის მონაწილეების ე.წ. „კონსპირაციული სხდომის“ აუდიოჩანაწერების ავთენტურობაში. მან ხაზი გაუსვა, რომ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება კანონიერადაა მოპოვებული.
კიკაჩეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩანაწერის საექსპერტო კვლევის თანახმად, მასზე არ არის აღმოჩენილი მონტაჟის კვალი და ჩანაწერის წყალობით ცნობილი ხდება პატარკაციშვილის მკვლელობის რამდენიმე გეგმა.
მისი სიტყვებით, აუდიოჩანაწერის გარდა, საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ბრალდებულების ბრალს ადასტურებს.
ნიშანდობლივია, რომ პატარკაციშვილის საქმეს ახლა უძღვება სხვა მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე. ორი მოსამართლე, რომლებიც საქმეს ადრე იხილავდნენ, დააწინაურეს და სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს.
ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონის მახლობლად, სარეის საგრაფოს ქალაქ ლეზერჰედში მდებარე თავის სახლში გარდაიცვალა. თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს სკოტლანდ-იარდმა მისი მოულოდნელი გარდაცვალება საეჭვოდ მიიჩნია, თუმცა მოგვიანებით მიზეზად გულის იშემიური დაავადება დაადგინა.
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის ოქტომბერში გახსნა. პროკურატურა არ უარყოფს მილიარდერის სიკვდილის ოფიციალურ ვერსიას, მაგრამ ამასთანავე ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე იგეგმებოდა ბიზნესმენის მკვლელობა. ამ ვერსიას საფუძვლად დაედო 2007 წლის 4 და 5 თებერვლით დათარიღებული აუდიოჩანაწერები, რომლებიც პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში სხვა ხმაურიან სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის დაკავებისას აღმოაჩინა.
ყველა ახალი ამბავი
0