ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების ცემისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2022
გამოწერა
ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა.
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისა და ოპერატორებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და დევნის ფაქტზე ბრალდებულ დავით ველიჯანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
17 მარტს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე - ჟურნალისტზე, ოპერატორსა და ოპერატორის თანაშემწეზე - ინტერვიუს ჩაწერის დროს თავს დაესხნენ.
გამოძიების მონაცემებით, ველიჯანაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტების საქმიანობასთან დაკავშირებით, შეურაცხყოფა მიაყენა მათ და ბარის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„ტელეკომპანია „ფორმულაში“ მუშაობის გამო, ჟურნალისტების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა ბარში მყოფმა დ.ვ.-მ, რომელმაც შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და გასროლის მუქარით სამივე ჟურნალისტისგან მოითხოვა პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და ბარის დატოვება. მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, დ.ვ.-მ სამივე ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები“, - აღნიშნეს საქართველოს პროკურატურაში.
ტელეკომპანიის ცნობით, ველიჯანაშვილმა სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა.
მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ადგილზე მალევე მისულ ტელეარხ „ფორმულის“ მეორე გადამღებ ჯგუფთან საუბარში თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა მისი „პირადი სივრცე“ დაარღვიეს.
დავით ველიჯანაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 18 მარტს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0