საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება უკრაინიდან: საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2022
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს დიპლომატიურ მისიებს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამომგზავრება დაევალათ.
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან სამშობლოში ორგანიზებულად 2 ათასამდე მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყო, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა 80-მდე საქართველოს მოქალაქე, მიმდინარე კვირაში კი, საერთო ჯამში 242 მოქალაქე. ხოლო რუმინეთიდან მიმდინარე კვირაში საქართველოს საელჩოს დახმარებით დაბრუნდა საქართველოს 75 მოქალაქე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ასევე გრძელდება უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო განაგრძობს ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებას სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, მორიგი რეისი 20 მარტს არის დაგეგმილი.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ გაყვანას ახორციელებს საქართველოს საპატიო საკონსულო ოდესაში, მოქალაქეები მოლდოვის მიმართულებით მიემგზავრებიან, საიდანაც რუმინეთის გავლით ხორციელდება მათი სამშობლოში დაბრუნება.
„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0