11 ფერმერს საგრანტო თანადაფინანსებით 440 ათას დოლარამდე ღირებულების ინვენტარი გადაეცემა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიფერმა
ფერმა - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2022
გამოწერა
მეწარმეები ტექნიკა-დანადგარებს ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის (SQIL) ფარგლებში მიიღებენ.
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქონლის ხორცისა და რძის წარმოების სექტორში დასაქმებულ 11 მეწარმეს საგრანტო თანადაფინანსებით 440 ათას დოლარამდე ღირებულების ინვენტარი გადაეცემა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარები ბენეფიციარებს თანადაფინანსების პრინციპით ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის (SQIL) ხელშეწყობით გადაეცემათ.
ჯამში, SQIL პროექტის საგრანტო მიმართულებას 930 ათასი დოლარის ღირებულების 36 გრანტი აქვს გაცემული.
პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, საგრანტო თანადაფინანსების გამარჯვებული მეწარმეების დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.
როგორც ხანიშვილმა აღნიშნა, SQIL პროექტი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საგრანტო მიმართულებას, არამედ საგანმანათლებლო ასპექტებს, მათ შორის, ტრენინგებს, სახელმძღვანელოების მომზადებასა და ფერმერთა გადამზადებას, ხელს უწყობს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის მესაქონლეობის დარგის განვითარებას.
პროექტს ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.
ხუთწლიან პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) აფინანსებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA). პროექტის მიზანია, საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება.
მეცხოველეობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სახელმწიფო მხარს უჭერს ფერმერებს მათ წამოწყებებში და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საშეღავათო კრედიტებს გასცემს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 6,2%-ით - 923.1 ათასამდე გაიზარდა. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 75 ათასი სული, ხოლო იმპორტირებულია - 1,4 ათასი. 2020 წელს ხორცის წარმოებამ შეადგინა 69,5 ათასი ტონა (2019 წლის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა).
წყარო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0