„გაბედულებაა, როცა შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ“ - სუბარი

© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სიფრთხილისა და გონივრულობის გამოჩენა, განაცხადა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ყველაზე დიდი გაბედულება ისაა, როცა შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ, რაც არ უნდა უკმაყოფილება გამოიწვიოს ამან მოსახლეობაში. ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კითხვას საქართველოს პოზიციაზე უკრაინასთან დაკავშირებით.
უკრაინაში დაწყებული მოვლენების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ სანქციები გაამკაცრეს. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს უფრო საქართველოს დააზიანებს.
ოფიციალური თბილისის ასეთმა პოზიციამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიციონერებმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ საკითხში ნაწილობრივ მართალია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია და საჭიროა როგორც სიფრთხილის, ისე გაბედულების გამოჩენა.

„ყველაზე დიდი გაბედულება ის არის, როცა შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ, რაც არ უნდა წამგებიანი იყოს ეს, გნებავთ, საერთაშორისო საზოგადოების და, გნებავთ, ქვეყნის შიგნით საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვალში. გამბედაობა, აი, ეს არის, თორემ გამბედაობას ვერავინ ასწავლის საქართველოსა და ქართველებს“, – განაცხადა სუბარმა.

მან აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც ზურგს უკან სამშობლო დგას, ყველაზე მნიშვნელოვანია სიფრთხილე და გონიერება.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა და ამას „სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
ყველა ახალი ამბავი
0