ქართველი იმპორტიორები სურსათზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ

© photo: Sputnikსურსათი
სურსათი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
საქართველო მთლიანად არის დამოკიდებული იმპორტზე, მათ შორის ადგილობრივი წარმოება, რომელსაც იმპორტირებული ნედლეული სჭირდება, აცხადებს იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია სურსათზე ფასების ზრდას პროგნოზირებს, ვინაიდან საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათზე მსოფლიო ფასების 22%-იან ზრდას პროგნოზირებს. სურსათის მსოფლიო ფასების ინდექსი თებერვალში იანვართან შედარებით 3,9%-ით გაიზარდა (140,7 პუნქტამდე) და მიაღწია ისტორიულ რეკორდს, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა მცენარეულ ზეთებსა და რძის პროდუქტებზე დაფიქსირდა.
„ალბათ პანდემია მოგვენატრება, ისეთი ფასები იქნება საკვებზე. ვფიქრობ, FAO-ს ანგარიშში უფრო ნაკლები რიცხვია ნაჩვენები, ვიდრე ჩვენთან დადგება; მხოლოდ 22%-იანი ზრდა თუ გვექნება, ეს იქნება იდეალური, მაგრამ კონკრეტული პროგნოზის გაკეთება მიჭირს, რადგან ჩვენი ქვეყანა თავიდან ბოლომდე იმპორტზეა დამოკიდებული; ადგილობრივი წარმოება რაც გვაქვს, მისი დიდი წილიც უჭირავს იმპორტირებულ ნედლეულს“, - განაცხადა ჭყონიამ „ტვ პირველის“ ინტერვიუში.
მისი თქმით, ნებისმიერი პროდუქტის თვითღირებულებაზე მნიშვნელოვნად აისახება გაზის, ელექტროენერგიისა და ნავთობის გაზრდილი ფასები.
ასოციაციის ხელმძღვანელმა ფასების შესაძლო ზრდის კიდევ ერთ მიზეზად დაასახელა რუსეთიდან იმ მულტინაციონალური წარმოებების შესაძლო გასვლა, რომლებიც პროდუქტებს მეზობელი რეგიონისთვის აწარმოებდნენ.
„ეს რომ შეიცვლება და ევროპულ ბაზარზე გადავეწყობით... ფასნამატი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე 22%“, - განაცხადა ჭყონიამ და ეს განმარტა იმით, რომ ევროპაში პროდუქციის თვითღირებულება უფრო მაღალია ელექტროენერგიის მაღალი ტარიფებისა და ტვირთების გადაზიდვების სიძვირის გამო.
ასევე, მისი თქმით, რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შეიძლება ორჯერ გაიზარდოს, თუ მათ რეექსპორტს მესამე ქვეყნები დაიწყებენ.
წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის თებერვალი 2021 წლის თებერვალთან შედარებით) ქვეყანაში 13,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი – 3%. თებერვალში სურსათზე ფასები 17,3%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0