„ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი თანხები მიითვისეს: ორ პირს ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელია, ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით 2021 წლის დეკემბერში ერთმანეთს შორის ყალბი მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კომპანიას დამკვეთისთვის თითქოსდა უძრავი ქონების საპროექტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბრალდებულებმა, საპროექტო სამუშაოების ანაზღაურების მოტივით, საწარმოს მფლობელობაში არსებულ პოს-ტერმინალზე უნებართვოდ გაააქტიურეს უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი პლასტიკური ბარათი. შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საკუთრებაში არსებული კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხეს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი 239.450 ლარი, თანხა კი გაინაწილეს.

დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით („თაღლითობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“) წარედგინათ, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების მიზნით.
წყარო: საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0