ღვინის ეროვნული სააგენტო: მარკეტინგული ღონისძიებები აშშ-ში კიდევ უფრო გააქტიურდება

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ნიუ-იორკში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinexpo America გაიმართა, რომელზეც ქართული ღვინოც იყო წარმოდგენილი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
გამოფენაში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს არის ქართული ღვინის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო წარდგენა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ.
გამოფენის ფარგლებში სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, აშშ მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორია და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზარზე დამკვიდრება.

„2022 წელს ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა გვაქვს დაგეგმილი აშშ-ში, მათ შორის – დეგუსტაციები, საგანმანათლებლო სემინარები, მედია-კამპანიები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ფასი აშშ-ის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია", – განაცხადა მეზუხლამ.

Vinexpo America-ს ფარგლებში ქართველმა მეღვინეებმა შეხვედრები გამართეს იმპორტიორებთან, სომელიეებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან.
იანვარში საქართველოდან ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა>>>
„ქართული ღვინო ნელ-ნელა მკვიდრდება და სულ უფრო საინტერესო ხდება აშშ-ის ბაზარზე. ამერიკელებს განსაკუთრებით ქართული ქარვისფერი ღვინო აინტერესებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მომავალი აქვს და თანდათან აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს აშშ-ის ბაზარზე“, – აღნიშნა ღვინის იმპორტიორმა ლენი დორფმანმა.
აშშ ქართული ღვინისთვის სტრატეგიული ბაზარია, ამიტომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ღვინის კერძო მწარმოებლებთან თანამშრომლობით ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აწარმოებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად ექსპორტი ბოლო 7 წელია სტაბილურად მზარდია. 2021 წელს დაფიქსირდა აშშ-ში პროდუქციის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი – 1 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო.
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0