ქართველი გენერალი, რომელმაც პარიზი შტურმით აიღო, ანუ ამბავი ივანე გურიელისა

© Pixabay / skeezeქვემეხი
ქვემეხი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ვაჟს ბაგრატ ბატონიშვილს 1815 წელს ხელთ ჩავარდნია ლუსიენ ბონაპარტის წიგნი „ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობა და გამოქცევა“...
ბატონიშვილს ყურადღება მიუქცევია, რომ პეტრე ბაგრატიონის გარდა, მასში არცერთი ქართველი გენერალი არ იყო მოხსენიებული.
ბაგრატმა წიგნი ქართულად თარგმნა, მაგრამ მასში იმ ომის მონაწილე კიდევ 37 ქართველი ოფიცერი შეიყვანა. თუმცა არც ეს სია გახლდათ სრული. პროფესორმა ირაკლი ანთელავამ გამოიკვლია, რომ სინამდვილეში ნაპოლეონის წინააღმდეგ 90-ზე მეტი ქართველი ოფიცერი იბრძოდა.
გამორჩენილთა შორის იყო გენერალ-მაიორი ივანე გურიელიც, რომელსაც სიმამაცით პეტრე ბაგრატიონს, სუვოროვსა და მილორადოვიჩს ადარებდნენ. სანამ მის დამსახურებებზე მოგითხრობთ, ცოტა რამ ვთქვათ წარმომავლობის შესახებ.
ივანე გურიელი იყო გურიის მთავარ ქაიხოსრო III-ის შვილიშვილი. 1717 წელს ქაიხოსრო ტახტიდან ძმამ გიორგიმ ჩამოაგდო თურქების დახმარებით. ქაიხოსრომ თავი ქართლს შეაფარა. როდესაც ქართლის მეფე ვახტანგი რუსეთში წავიდა, ქაიხოსროც თან გაჰყვა ოჯახით და საქართველოში აღარც დაბრუნებულა.
სწორედ ეს ქაიხოსრო იყო პირველი ქართული ჰუსართა პოლკის მეთაური, რომელმაც თავი გამოიჩინა რუსეთ-თურქეთის ომებში. ბოლოს იგი წყაროებში 1747 წელს მოიხსენიება, სადაც გურიის ყოფილი მთავარი პოეტ დავით გურამიშვილს აძლევს დახასიათებას, რათა ამ უკანასკნელს პორუჩიკის წოდება მიენიჭოს.
უნდა აღინიშნოს, რომ, იმ დროს დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ქაიხოსრო გურიელი ქრისტეფორ გურიალოვად იყო ქცეული და ასეც მოიხსენიებოდა ყველგან.
პაპის გარდა, სამხედრო იყო ივანე გურიელის მამა სტეფანეც, რომელმაც გენერალ-მაიორის ჩინით დაასრულა კარიერა.
რაც შეეხება თავად ივანეს, ის 1772 წელს დაიბადა. ფრანგების რუსეთში შესვლისას მას უკვე ჰქონდა გენერალ-მაიორის ჩინი და თითქმის ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.
როდესაც ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ კუტუზოვმა დასაჯილდოებელ გენერალთა სია წარადგინა, ივანე გურიელი ასე მოიხსენია:

„იგი მამაცი და წინდახედული მეთაურია, სწორედ მან მოიგერია ფრანგული კავალერიის პირველი შეტევა და მტერს დიდი ზიანი მიაყენა“.

გურიელის ორდენებისა და ჯილდოების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, გეტყვით მხოლოდ, რომ, გარდა რუსეთისა, მის მკერდს პრუსიისა და ავსტრიის ორდენებიც ამშვენებდა.
ნაპოლეონის გაქცევის მერე ივანე გურიელის პოლკი ფეხდაფეხ დაედევნა მას. იბრძოდა პოლონეთში, საქსონიაში, ნასაუს, დრეზდენის, ბაუცენის, ლაიფციგის მიდამოებში. თუმცა მთავარი ბრძოლა პარიზის აღებისას გარდახდა.
ივანე გურიელი იყო პირველი, ვინც შტურმით აიღო მონმარტრის სიმაღლეები და პარიზში შეიჭრა. თვითმხილველები აღტაცებას ვერ ფარავდნენ ქართველი გენერლის სიმამაცის შემხედვარე. იგი პირველ რიგებში იბრძოდა და თავად მიუძღოდა ჯარისკაცებს ფრანგთა დედაქალაქისკენ.
1814 წელს გენერალ-მაიორ გურიალოვს ერთბაშად სამი ორდენი მიანიჭეს მონმარტრის აღებისთვის - პრუსიული წითელი არწივის, წმინდა ვლადიმირისა და წმინდა გიორგის ორდენები.
ივანე გურიელის თანამედროვე დენის დავიდოვი მას იხსენებს როგორც ბრწყინვალე, უაღრესად განათლებულ პიროვნებას, რომელიც თავისუფლად საუბრობდა რამდენიმე ენაზე და, მიუხედავად გადატანილი უამრავი ბრძოლისა, არასდროს დაჭრილა.
რუსეთისთვის მებრძოლი სახელოვანი ქართველი გენერალი 1818 წელს გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისი დაკრძალვის ადგილი ცნობილი არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0