საქართველო არ არის დამოკიდებული რუსულ გაზსა და ელექტროენერგიაზე – ნარმანია

© photo: Sputnik / Stringerდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
საკითხმა აქტუალობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე შეიძინა.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოში რუსული გაზის წილი 2021 წელს მთლიანი იმპორტის 15% იყო, ელექტროენერგიისა კი – 7%. ამგვარად, ქვეყანა არ არის დამოკიდებული რუსეთიდან მოწოდებაზე, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ პარლამენტში.
გაზისა და ელექტროენერგიის რუსულ წყაროებზე დამოკიდებულების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ფონზე გახდა.

„წლების განმავლობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 10%-ს არ აღემატება, 90%-ზე მეტ ბუნებრივ აირს ვიღებთ აზერბაიჯანიდან. სხვა წყარო (გაზის), გამომდინარე ჩვენი ქვეყნის მდებარეობიდან და მეზობლების ხელთ არსებული რესურსებიდან, არ გვაქვს“, – აღნიშნა ნარმანიამ.

მისი თქმით, 2021 წელს რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი 15% იყო და ამის გამომწვევი იყო 2021 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში აზერბაიჯანში გაზსადენზე მომხდარი ავარია და მისი თანმდევი ტექნიკური ხარვეზები.
„რუსეთზე ბუნებრივ აირზე მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვაქვს”, – განაცხადა ნარმანიამ.
საქართველო ამჟამად ამიერკავკასიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი გაზსაცავი არ გააჩნია. საქართველოს გაზმომარაგება მხოლოდ იმპორტის ხარჯზე მიმდინარეობს. საქართველოში გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია.
რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, ნარმანიას სიტყვებით, 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილმა 7% შეადგინა და ის, ძირითადად, აფხაზეთის მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებას მოხმარდა.

„გარდა რუსეთისა, ელექტროენერგია შემოგვაქვს თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. ეს ციფრები არის ღია და საჯარო, ამიტომ მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვაქვს“, – აღნიშნა ნარმანიამ.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ბოლო მონაცემებით, 2021 წლის დასაწყისიდან ნოემბრამდე საქართველომ 13,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 23%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აქედან თვითონ გამოიმუშავა 11,5 მილიარდი კვტ/სთ.
ყველა ახალი ამბავი
0