ილოცეთ მშვიდობისათვის! – ილია მეორემ მორწმუნეებს ხუთშაბათს ერთობლივი ვედრებისკენ მოუწოდა

© photo: Sputnikსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
ხუთშაბათს, 12 საათზე ყველამ ერთად უნდა ილოცოს მშვიდობისათვის.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა მრევლს, ილოცონ მშვიდობისათვის, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
პატრიარქი მოუწოდებს მრევლს, ერთობლივად ილოცონ უკრაინისა და მთელი მსოფლიოსთვის.

„სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში), შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება. ღმერთო, გადაარჩინე უკრაინა, გადაარჩინე საქართველო და მსოფლიო“, – ნათქვამია მიმართვაში.

პატრიარქმა ყველა სასულიერო პირს მისცა კურთხევა, რომ კვირას, 20 მარტს, წირვის შემდეგ გადაიხადონ სავედრებელი პარაკლისი უკრაინაში მშვიდობისათვის და პანაშვიდი გარდაცვლილთათვის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა მსოფლიო ბრენდების უმეტესობა.
წყარო - საქართველოს საპატრიარქო
ყველა ახალი ამბავი
0