არის თუ არა ქვეყანაში ფქვილის მარაგი: სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

© Pixabay / congerdesignხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში ხორბლის მარაგი საკმარისია, ფქვილის და ხორბლის შემოტანა კი შეუფერხებლად ხორციელდება.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოში ფქვილის და ხორბლის მარაგების საკითხი განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა პურისა და პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებთან გამართეს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საწარმოებში არსებული ფქვილის მარაგების და სამომხმარებლო ბაზარზე პურის შეუფერხებლად მიწოდების საკითხები განიხილეს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არსებობს საკმარისი მარაგები, რათა ქვეყანა პურით უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს.

„თითოეული მწარმოებელი აქტიურად მუშაობს იმპორტიორებთან, აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები. ქვეყანაში სამომხმარებლო ბაზარი სტაბილურად მარაგდება პურით, ასევე შეუფერხებლად მუშაობენ წისქვილები და არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით არ გვექნება“, – განაცხადა ხანიშვილმა.

როგორც შეხვედრაზე პურისა და პურპროდუქტების მწარმოებლებმა აღნიშნეს, საცხობებში მუდმივად არსებობს ფქვილის 14-20 დღის მარაგი, რაც ბაზარზე პურის სტაბილურ და შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს.
პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ლარსის საბაჟო პუნქტზე დიდთოვლობის გამო გარკვეული შეფერხება იყო ხორბლისა და ფქვილის შემოტანასთან დაკავშირებით, თუმცა დღეისათვის ეს პრობლემაც გადაჭრილია.
„ლარსიდან ტვირთების შემოტანა უკვე განახლდა, შესაბამისად, ხორბლისა და ფქვილის მარაგების შევსების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პურის წარმოება და მიწოდება შეუფერხებლად განხორციელდება. დიდი წარმოებები ფქვილის მარაგებით უზრუნველყოფილი არიან. არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ინტენსიურად ვაწვდით“, – აღნიშნა დოლიძემ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნის მასშტაბით წისქვილკომბინატებში არსებული ფქვილის მარაგები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაშია.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში გრძელვადიანი მარაგების საკითხი. არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ფქვილისა და ხორბლის შემოტანა ქვეყანაში შეუფერხებლად ხორციელდება.
წყარო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0