საქართველოში ინვესტიციების ჩადება გრძელდება: ახალი სტატისტიკა

© AP Photo / Jae C. Hongსაქონლის ტრანზიტი
საქონლის ტრანზიტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში ინვესტიციების ჩადების კუთხით ლიდერი ქვეყნები არიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდი, ჩეხეთი, აშშ და რუსეთი.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წელს, წინასწარი შეფასებით, 2020 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
„საქსტატი" ინვესტიციების ზრდის ძირითად მიზეზად რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდას ასახელებს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა, აღნიშნავენ უწყებაში.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდს, ჩეხეთს, აშშ-სა და რუსეთს. ინვესტიციები ასევე შემოვიდა ლუქსემბურგიდან, გერმანიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რომელ დარგებში აბანდებენ
2021 წელს საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო სექტორი, გართობისა და დასვენების სფერო, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა.
ინვესტიციები ასევე განხორციელდა სხვა დარგებში: უძრავი ქონება, კავშირგაბმულობა, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება, მშენებლობა, ასევე სოფლის მეურნეობა და სხვ.
რეინვესტიციები
ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რეინვესტიციის დიდი მოცულობა გახდა – იგი ორჯერ გაიზარდა. კერძოდ, 2021 წელს რეინვესტიციამ 760,5 მლნ დოლარი შეადგინა – ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობის 66%.

ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციის დიდი მოცულობის მიზეზად საგადასახადო სისტემაში ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვას ასახელებენ.

2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საგადასახადო სისტემის ე.წ. ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, გადასახადებისგან თავისუფლდება საწარმოთა მოგების ის ნაწილი, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგება გადასახადის განაკვეთზე 15%-ს შეადგენს.
რას გვპირდება მთავრობა
მთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა, ქვეყანა ახლებურად პოზიციონირდება.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
ამას გარდა, მიიღებენ კანონს „მეწარმეთა შესახებ", რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს იტყვის ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი ექნებათ.
ყველა ახალი ამბავი
0