Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა იცის კორონავირუსის ახალ შტამზე თენგიზ ცერცვაძემ

© Press service of Rospotrebnadzor / გადასვლა მედიაბანკშიCOVID-19-ის ნაწილაკები
COVID-19-ის ნაწილაკები - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
„დელტამიკრონი“ ჯერ მხოლოდ 17 ადამიანს გამოუვლინდა, შესაბამისად, მასზე დანამდვილებით რაიმეს თქმა ჯერჯერობით ნაადრევია, მიაჩნია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა და გარდაცვალების ფაქტები ყოველდღე მცირდება, თუმცა არ არსებობს იმის გარანტია, რომ პანდემია დამთავრდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
„მოსახლეობას აინტერესებს, დამთავრდა პანდემია თუ არა, ღმერთმა ქნას, დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს, იმიტომ რომ კორონავირუსმა უკვე რამდენჯერმე გამოავლინა განახლების და ახალი შტამების წარმოქმნის უნარი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
ცერცვაძის ცნობით, აშშ-ში, ევროპაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამია დაფიქსირებული, რომელსაც მეცნიერები აკვირდებიან.

„ეს შტამი არის ერთგვარი ჰიბრიდი უკვე დავიწყებული „დელტასი“ და „ომიკრონის“ და პირობითად მას დაარქვეს „დელტამიკრონი“. რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ვერ საუბრობენ რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი ან რამდენად მძიმე მიმდინარეობის იქნება“, – თქვა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ახალი შტამის სტრუქტურა სპეციალისტებმა უკვე გაშიფრეს.
„მას აქვს „ომიკრონის“ სპაიკ პროტეინი, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად, გავრცელების სიჩქარეზე, ხოლო სტრუქტურული ცილები აქვს „დელტასგან“. ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამ შტამს ჰქონდეს „ომიკრონის“ გავრცელების უნარი და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ჯერჯერობით სულ 17 შემთხვევაა დადასტურებული და ეს მსჯელობა ეყრდნობა მხოლოდ ახალი შტამის სტრუქტურის მეცნიერულ ანალიზს, განმარტა ინფექციონისტმა.
რაც შეეხება სიმპტომებს, ახალ შტამს იგივე სიმპტომები ახასიათებს, რაც მის წინამორბედებს.
რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებულ დაავადებათა სამსახურის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ დაადასტურა საფრანგეთში, ნიდერლანდსა და დანიაში კორონავირუსის ახალი შტამის გაჩენა, რომელსაც ორგანიზაციაში პირობითად „დელტაკრონი“ უწოდეს.
კერკჰოვეს თქმით, დაფიქსირდა ინფიცირების ძალიან დაბალი დონე.
ჯანმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, „დელტაკრონი“ გაჩნდა „დელტა“ შტამის AY.4 და „ომიკრონის“ BA.1/BA.2 სუბსახეობების გაერთიანებისას. ჯანმოს სპეციალისტებმა ეს ვარიანტი 7 მარტს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
„დელტაკრონის“ შესახებ ცნობილი გახდა წლის დასაწყისში. კერძოდ, კორონავირუსის ახალი შტამის – „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდის გამოვლენის შესახებ ცნობა გაავრცელა კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერთა ჯგუფმა.
ამასთან, ჯანმოში ყოყმანობდნენ და არ გამორიცხავდნენ შესაძლებლობას, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შეცდომის – სეკვენირების დროს ნიმუშის დაბინძურების შედეგი. ამიტომ ჩათვალეს, რომ შეიძლება უმჯობესი ყოფილიყო, არ გამოეყენებინათ დასახელება „დელტაკრონი“.
ყველა ახალი ამბავი
0