მოსაზრება: ანტირუსული სანქციები ევროპის ეკონომიკას კლავს

© AFP 2024 / PAUL ELLIS
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
დასავლური პრესა ენთუზიაზმით აქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, უწინასწარმეტყველებს რა უაღრესად რთულ პერიოდებს ჩვენს ეკონომიკას. ზოგი გამოცემა კი სულაც შეთანხმდა, რომ რუსეთს გარანტირებული დეფოლტი ელოდება. იძირებიან რა რუსეთის კრახის შესახებ ოცნებებში სულ უფრო ღრმად, უცხოური გამოცემები რატომღაც არ იწუხებენ თავს საკუთარი ფინანსური და სამრეწველო სისტემის მდგომარეობის გააზრებული ანალიზით. არადა, გასაანალიზებელი ნამდვილად აქვთ.
გასულ ხუთშაბათს გერმანულმა ფოლადჩამომსხმელმა ქარხანა Lech-Stahlwerk-მა და ესპანურმა ცემენტის ქარხანა Portland Valderrivas Cementos-მა წარმოების სრული შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. მთელ ბავარიაში ერთადერთი ფოლადის ქარხნის ათასზე მეტი თანამშრომელი და მათი ესპანელი კოლეგები ცემენტის რამდენიმე ქარხნიდან უვადო შვებულებაში გაუშვეს. კომპანიების ხელმძღვანელობამ ოფიციალურად შეატყობინა ხელისუფლებას, რომ ქარხნები ვერ განაახლებენ წარმოებას მანამ, სანამ სამრეწველო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ღირებულება მეგავატზე ორას ევროზე დაბლა არ ჩამოვა.
თუმცა დღის ამბები ამით არ დასრულებულა. გერმანიის ქაღალდის ქარხანა Delkeskamp Packagingwerke-მა ასევე განაცხადა, რომ მუშაობის გაგრძელება შეუძლებლად მიაჩნია. საწარმოს მფლობელებმა ფედერალურ მთავრობას წერილი გაუგზავნეს და სთხოვეს, რაც შეიძლება მალე აღადგინონ ელექტროენერგიის ნორმალური მიწოდება და სამრეწველო მომხმარებლებისთვის საფასო პოლიტიკას გადახედონ.
რამდენიმე დღით ადრე კი სოფლის მეურნეობის სასუქების მწარმოებელმა ნორვეგიულმა კომპანია Yara-მ, რომელიც სიდიდით მეორეა მსოფლიოში, გაავრცელა განცხადება, რომ ბუნებრივ აირზე რეკორდულად მაღალი ფასების გამო, რაც ჯაჭვურად იწვევს ელექტროენერგიის რეკორდულ ფასებს, მისი ორი მთავარი საწარმო (იტალიასა და საფრანგეთში) პროდუქციის გამოშვებას 40 პროცენტამდე ამცირებს.
იტალიის ქალაქ ფერარასა და საფრანგეთის ლე ჰავრეში მდებარე ქარხნები ყოველწლიურად მილიონ ტონაზე მეტ ამიაკსა და დაახლოებით ცხრაას ათას ტონა კარბამიდს აწარმოებენ, რომლებიც სასუქად გამოიყენება აგროსამრეწველო სექტორში.
პრობლემის სიღრმის გასაგებად უნდა გახსოვდეთ, რომ იმავე Yara-მ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მიჯნაზე უკვე შეამცირა წარმოების ტემპი და მასშტაბები — ასევე 40%-ით და ასევე ენერგიის მაღალი ფასების გამო. ახლა ფაქტობრივად წარმოების სრულად შეწყვეტის ალბათობაზეა საუბარი. ამასთან ევროპულმა ბაზრებმა დასწრებაზე ირეაგირეს და როგორც სასუქების, ისე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, პირველ რიგში კი მარცვლეულის, ფასები ზემოთ-ზემოთ წავიდა.
გასულ კვირაში იტალიურმა სატვირთო გადაზიდვების ასოციაცია Trasportounito-მ მძღოლების უვადო გაფიცვა გამოაცხადა. მიზეზი, როგორც ალბათ ხვდებით, ასევე პირდაპირ უკავშირდება რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ სანქციების ომს. კონკრეტულად იტალიაში ბენზინისა და დიზელის ღირებულებამ უკვე გადააჭარბა ორ ევროს ლიტრზე, რაც ტვირთების გადაზიდვის მომგებიანობას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სატრანსპორტო კომპანიების მფლობელები მარტივი არჩევანის წინაშე დგანან: ან ზარალზე იმუშაონ, ან მკვეთრად გაზარდონ ფასები საქონლის ტრანსპორტირებაზე, რაც დაუყოვნებლივ გამოიწვევს შეკვეთების რაოდენობის შემცირებას.
ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ძლივს გამოვიდნენ პანდემიით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის პირველი ტალღიდან, ნამდვილი ქარიშხალი უახლოვდება და ამას ყველა ვერ გადაურჩება. და ეს არც გადაჭარბებაა და არც ხატოვანი გამოთქმა.
9 მარტს ევროკომისიას გაეგზავნა კოლექტიური წერილი, რომელსაც ევროპული ინდუსტრიის ყველა ძირითადი სექტორის წარმომადგენლები აწერენ ხელს.
ევროპის ფოლადის ასოციაცია (EUROFER), ევროპის ცემენტის ასოციაცია (CEMBUREAU), კერამიკული მრეწველობის ევროპული ასოციაცია (Cerame-Unie), ევროპული ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაცია (EUROALLIAGES), ევროპული ფერადი ლითონების მწარმოებელთა ასოციაცია (EUROMETAUX), ევროპული ლითონისა და მინერალური ნედლეულის მომპოვებელთა ასოციაცია (EUROMINES), კერამზიტის ევროპული ასოციაცია (EXCA) და ევროპული მინის ალიანსი მოითხოვენ, რომ ბრიუსელმა დაუყოვნებლად მიიღოს ზომები ენერგეტიკული ბაზრის დასტაბილურების მიზნით.
მრეწველები შიშობენ, რომ თუ ევროკომისია ელექტროენერგიასა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას არ შეაჩერებს, ამან შეიძლება ევროპული მრეწველობის კრახი, შედეგად კი ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ წერილში კონკრეტულად არის ნახსენები ალტერნატიული წყაროები.
მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, აღფრთოვანებული დასავლელი ჟურნალისტებისა და გარემოსდამცველებისგან განსხვავებით, განახლებად ენერგიას საიმედო წყაროებად არ განიხილავენ და მთავრობას ამომწურავ ახსნა-განმარტებას სთხოვენ, თუ როგორ და რა მოცულობით მოხდება რუსეთიდან ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ნახშირის შეძენა-მიწოდებები.
ბრიტანული პრესა იუწყება, რომ ნავთობის აპრილის ფიუჩერსების ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოცჯერ გაიზარდა. უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომის დაწყების შემდეგ ევროპულ ბირჟებზე ბუნებრივი აირის ფასი 79 პროცენტით გაიზარდა.
Brent-ის ერთი ბარელი ნედლი ნავთობი 140 დოლარად იყიდება, ანუ სულ რაღაც ორ კვირაში ბარელი ათი პროცენტით გაძვირდა და 2008 წლის ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა, როცა ბარელი 147 დოლარი ღირდა. ლოგიკურია, რომ თუ პირველადი წყაროები ძვირდება, ელექტროენერგიის ფასი იგივე ვერ დარჩება. გასულ კვირაში მეგავატ/საათის ღირებულებამ ბრიტანეთში 345 ევროს მიაღწია, გერმანიაში კი 220 ევროს გადააჭარბა.
ზენიტისკენ მიმავალი ფასების ფონზე ევროპელმა ლიდერებმა მკვეთრად შეამცირეს ანტირუსული რიტორიკის ხარისხი. მაგალითად, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ევროპამ მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესების ყველა შესაძლებლობა ამოწურა, ბორის ჯონსონმა კი აღიარა, რომ რუსეთისა და მისი ხალხის სიდიადე არავის არასდროს არ დაუყენებია ეჭვქვეშ.
სხვათა შორის, ბრიტანეთთან დაკავშირებით ერთი ძალიან საინტერესო ფაქტიც არსებობს.
ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით, უკრაინის სპეცოპერაციის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე დიდმა ბრიტანეთმა ერთგვარი ისტორიული რეკორდი დაამყარა რუსული ენერგიის შესყიდვაზე, დახარჯა რა 2,6 მილიარდი გირვანქა. ამასთან შეიძინა 911,5 მილიონი გირვანქის ბენზინი და დიზელის საწვავი. კიდევ 32 მილიონი გირვანქა კი ენერგეტიკული ნახშირის, მეტალურგიული კოქსისა და ქვანახშირის ბრიკეტების შეძენაში გადაიხადა. 590,4 მილიონი გირვანქა დაჯდა ნედლი ნავთობი, ხოლო 289,1 მილიონი გირვანქა — რუსული ბუნებრივი აირი.
არ ვიცით, ჰყავს თუ არა ბრიტანეთს ინფორმაციის საკუთარი წყარო რუსეთის თავდაცვით უწყებაში, მაგრამ ენერგორესურსების გადაუდებელი და რეკორდული შესყიდვები რუსეთიდან, რომლის მიმართაც ლონდონი მრავალსაუკუნოვან უკიდურესად არამეგობრულ პოზიციას იკავებს, რაღაცნაირად ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. თუმცა, როგორც ვხედავთ, უსაფრთხოების ბალიშების შექმნამ არც ბრიტანეთს უშველა და არც ევროკავშირის ქვეყნებს. დასავლეთის ქვეყნების ალიანსმა, რუსეთის დასჯის მცდელობაში, თუ ნოკაუტში არა, ღრმა ნოკდაუნში მაინც ჩააგდო საკუთარი მრეწველობა და ეკონომიკა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0