რა ელის დასავლეთს რუსულ ნედლეულზე უარის თქმის შემთხვევაში

© photo: Sputnik / Rvgeniy Epanchintsev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
ვლადისლავ სტრეკოპიტოვი
დასავლეთის ქვეყნები სერიოზულად არიან დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე, საბადოებზე, ლითონზე, მინერალურ სასუქებზე. ამ რესურსების ჩანაცვლება მარტივი არ არის, ზოგიერთისა კი - შეუძლებელია. რა ელის გლობალურ ნედლეულის ბაზარს?

რუსული „ექსკლუზივი“

რუსეთი ნედლეულით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა. მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს ბუნებრივი აირის მოპოვებისა და ექსპორტის მიხედვით, მეორე ადგილი - ნავთობის ექსპორტის მიხედვით. ბევრი ექსპერტი ფიქრობს: თუ მოსკოვი დასავლეთს ისეთივე უპრეცედენტო სანქციებით უპასუხებს და შეწყვეტს ენერგომატარებლების ექსპორტს, ეს მსოფლიო კრიზისს გამოიწვევს.
ნავთობისა და გაზის გარდა, რუსეთში მოიპოვებენ ქვანახშირს, რკინის მადანს, აპატიტს, კალიუმის მარილებს, ფოსფატებს, ალმასებს, სპილენძს, ოქროს, ნიკელს, ადნობენ ალუმინს, ტიტანსა და ქრომს. ეს ყველაფერი ექსპორტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. რუსეთი მსოფლიოში ალმასის უმსხვილესი მწარმოებელია, მეორე ადგილზეა კობალტის, ვანადიუმისა და პლატინის წარმოებით, მესამეზე - ოქროს, ნიკელისა და გოგირდის, მეოთხეზე - ვერცხლისა და ფოსფატების, მეხუთეზე - რკინის მადნის წარმოებით. კომპანია „რუსალი“ ლიდერია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ალუმინს ადნობენ, „ნორილსკის ნიკელი“ უშვებს მსოფლიოში ყველაზე მეტ ნიკელსა და პალადიუმს და ა.შ.
„რუსეთიდან ლითონის ექსპორტის შეწყვეტა მსოფლიოს უფრო მეტ პრობლემას უქადის, - ამბობს სამრეწველო ექსპერტი ლეონიდ ხაზანოვი, - მაგალითად, „რუსალის“ წინააღმდეგ სანქციები გამოიწვევს ალუმინის დეფიციტსა და ფასების მომატებას აშშ-სა და ევროკავშირში. რუსული „მფრინავი ლითონის“ ჩანაცვლება ჩინური ნედლეულით კი ამერიკელი და ევროპელი მწარმოებლებისთვის სიკვდილის ტოლფასია. ისინი ხომ მრავალი წელი ცდილობდნენ ჩინური პროდუქციის გაძევებას თავიანთი ბაზრებიდან. კიდევ უფრო სერიოზული სიტუაციაა ნიკელთან, კობალტთან, პლატინასთან და პალადიუმთან დაკავშირებით. „ნორილსკის ნიკელის“ საწინააღმდეგო სანქციები ნამდვილ შოკს გამოიწვევს - უბრალოდ არ არსებობს მისი ჩანაცვლების შესაძლებლობა. ბრაზილიური Vale ვერ დააკმაყოფილებს ნიკელზე არსებულ გლობალურ მოთხოვნილებას, იაპონური Sumitomo კი - კობალტზე ყველა შეკვეთის შესრულებას. საუბარი აღარაა პლატინასა და პალადიუმზე. შედეგად, აშშ-სა და ევროპაში ჩამოიშლება უჟანგავი ფოლადის გამოწრთობა, ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების წარმოება“.
თუმცა ყველა სპეციალისტი ასეთი კატეგორიული არ არის.
„რუსულ პროდუქციაზე უარის შემთხვევაში დასავლური ბაზრისთვის მტკივნეული იქნება მხოლოდ პალადიუმთან, ტიტანის ნაგლინ პროდუქტთან და ელექტროლიტების ქრომთან დაკავშირებული სიტუაცია, - ფიქრობს მინერალური ნედლეულის რესურსებისა და მეტალურგიის საკითხთა ექსპერტი იგორ პეტროვი. - ამ პროდუქტებით რუსეთს მსოფლიო ბაზრის 25-35 პროცენტი უჭირავს და ხანმოკლე დროში მათი ჩანაცვლება ძალიან რთულია“.
პალადიუმს რუსეთი აწვდის აშშ-ს, იაპონიას, გერმანიას და სხვა ქვეყნებს, სადაც მაღალ დონეზეა განვითარებული მრეწველობა. მას იყენებენ, როგორც კატალიზატორს ნავთობის კრეკინგის და ორგანული სინთეზის დროს, ასევე ელექტრონიკაში. რუსული ტიტანის ნაგლინი პროდუქტების მთავარი მომხმარებლები არიან Boeing, Airbus, Safran SA, Rolls-Royce და საავიაციო მშენებლობისა და ძრავების დამამზადებელი სფეროების სხვა ლიდერები. ელექტროლიტური ქრომი გადის აშშ-სა და გერმანიაში, სადაც მის საფუძველზე სუპერშენადნობებს ამზადებენ.
„სხვა ფერად ლითონებს რაც შეეხება, რუსეთის წილად მოდის მსოფლიო ბაზრის 5-10 პროცენტი და აქ დასავლური კომპანიებისთვის სიტუაცია კრიტიკული არ არის, - განაგრძობს ექსპერტი. - მათი ექსპორტის შემცირება უფრო მეტად დაარტყამს რუსეთს და გაჩნდება ალუმინის, ნიკელის, სპილენძის მიწოდების საგარეო ბაზრიდან საშინაო ბაზარზე გადატანის აუცილებლობა. საშინაო ბაზარი კი არც ისე დიდია. შესაბამისად, შემცირდება წარმოება, დაიხურება საწარმოები“.
კანადა და აშშ უშვებენ ალუმინს, რუსეთის ადგილს კი ამ ლითონის იმპორტში ადვილად დაიკავებს ჩინეთი. ნიკელის დიდი საბადოებია კანადაში, მნიშვნელოვან მარაგს ფლობს ინდონეზია. სპილენძის წარმოებით რუსეთი მსოფლიოში მხოლოდ მეექვსე ადგილზეა. დიდი სხვაობით ლიდერობს ჩილე: მის წილზე მსოფლიო ბაზრის 35%-ზე მეტი მოდის და წარმოების გაზრდაც არ წარმოადგენს სირთულეს.
„ანალოგიური სურათია მეტალურგიისთვის საჭირო ნედლეულის ცალკეულ სახეობებთან მიმართებით, რომლებიც რუსეთს ტრადიციულად ევროპაში გააქვს. მაგალითად, ვოლფრამის კონცენტრატის ექსპორტი შეუძლია ბოლივიას. რუსეთს კი მოუწევს დამატებითი სიმძლავრეების შექმნა ქვეყნის შიგნით მის გადასამუშავებლად“, - აღნიშნავს პეტროვი.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ევროპა ვერ იტყვის უარს მინერალურ სასუქებზე, რომელთა ძირითადი ნაწილი ევროპაში რუსეთსა და ბელარუსს გააქვთ. მათ დასამზადებლად საჭიროა ბუნებრივი გაზი, მისი დღევანდელი ფასის გათვალისწინებით კი ის რამდენიმე საწარმოც კი გაკოტრდება, რომელიც ევროპაში მუშაობს.
„გადარჩენილები ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნას, ევროკავშირის შესაძლებლობა კი, შეიძინოს მინერალური სასუქები აშშ-ში, კანადაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში - სერიოზულად შეზღუდულია. მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მოხერხდება, არის კალიუმის ქლორიდისა და ფოსფატების იმპორტის გაზრდა, - აღნიშნავს ლეონიდ ხაზანოვი. - შედეგად, შემცირდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა, რაც სურსათის უკმარისობას და ინფლაციას გამოიწვევს. რუსი მეწარმეები კი ნაკადს ჩინეთში, ინდოეთსა და ლათინურ ამერიკაში გაგზავნიან, სადაც მათ შეძენაზე უარს არ იტყვიან“.
„აშშ რუსეთში ფოსფორის სასუქებს ყიდულობს. ისინი ალბათ ვერ ჩაანაცვლებენ მათ საკუთარი პროდუქციით, რომლის ხარისხიც გაცილებით დაბალია“, - განაგრძობს ექსპერტი.
საქმე ისაა, რომ რუსეთში ფოსფორის სასუქებს აპატიტებისგან ამზადებენ, აშშ-ში - ფოსფორიტებისგან. ფოსფორიტულ სასუქებზე გადართვა აუცილებლად აისახება სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და დარტყმას მიაყენებს ამერიკელ ფერმერებს“.
აშშ-სთვის მეტად მგრძნობიარე იქნება რუსული ურანის მიწოდების შეწყვეტა. ამჟამად მისი თითქმის ნახევარი ამერიკული ატომური ელექტროსადგურებისთვის შედის რუსეთიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. აშშ-ში არ არსებობს ურანის გადამამუშავებელი საკუთარი წარმოება. ამიტომ თეთრმა სახლმა ის გამორიცხა იმ ენერგეტიკული ნედლეულის სიიდან, რომელთა რუსეთიდან იმპორტზეც აკრძალვა ვრცელდება.

უკრაინის როლი

იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ნედლეულის სახელმწიფოა, ის რესურსების ზოგიერთი სახეობის, პირველ რიგში, ლითონის დეფიციტს განიცდის. დეფიციტი, ძირითადად, ივსება იმპორტის ხარჯზე ქვეყნებიდან, რომლებიც არ შეუერთდნენ ან ნაწილობრივ შეუერთდნენ სანქციებს. გამონაკლისია უკრაინა. ჯერ სიტუაცია გარკვეული არ არის, მაგრამ როგორც ექსპერტები ფიქრობენ, ნებისმიერ შემთხვევაში მიწოდება გაგრძელდება, როგორც ეს ურთიერთობების ყველაზე მძიმე პერიოდებში იყო.
უკრაინას ტრადიციულად ტიტანის შემცველი და ცირკონის კონცენტრატები გააქვს. მათი წილი რუსული მეტალურგიული საწარმოების მომარაგებაში 2020 წელს 80% და 50% იყო.
„ციმბირში ამას წინათ ამუშავდა ტუგანსკის საწარმო, მაგრამ ყოველთვის გასათვალისწინებელია ახალი მომწოდებლის პროდუქციასთან ადაპტაციის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. ასევე შეიძლება წარმოიქმნას პრობლემა რუტილის კონცენტრატის მიმართ, რომელიც შესადუღებელი ელექტროდების დასამზადებლად გამოიყენება“, - ამბობს იგორ პეტროვი.
უკრაინული საწარმოები რუსულ საწარმოებთან დაკავშირებული არიან სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, ნიკოლაევსკის თიხის ქარხნის პროდუქცია მიეწოდება რუსეთში „რუსალის“ ალუმინის ქარხნებს, მათი დამზადებული ლითონი კი იყიდება აშშ-ში. უკრაინიდან რუსეთში შედის ასევე ილმენიტის კონცენტრატი, რომლისგანაც ჯერ ტიტანის ღრუბელი, შემდეგ კი ნაგლინი მზადდება, რომლის მთავარი მომხმარებლებიც არიან აშშ-ისა და ევროპის საავიაციო სამშენებლო კომპანიები. ტიტანის მადნის მსოფლიოს გამოკვლეული საბადოების დაახლოებით 20% უკრაინაშია. რუსეთის გარდა, უკრაინა ამ ლითონს აწვდის ჩინეთსა და თურქეთს. 2020 წელს უკრაინა მსოფლიოში რკინის მადნის ექსპორტით მეხუთე ადგილზე იყო. იგი მეორე ადგილზეა გალიუმის მოპოვებით, მეხუთეზე - გერმანიუმის, მეექვსეზე - ტიტანის, მერვეზე - მანგანუმის მოპოვებით.
ნეონის მოპოვებით უკრაინა მსოფლიოში პირველია. მსოფლიო მოთხოვნილების თითქმის ნახევარს აკმაყოფილებს. მიწოდების შეწყვეტამ შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს იმ კომპანიების მუშაობა, რომლებიც ელექტრონიკასა და კომპიუტერულ ტექნიკას აწარმოებენ - ეს აირი აუცილებელია მიკროჩიპების დასამზადებლად. გარდა ამისა, იყენებენ ფოტოელემენტების, სხვა რადიოტექნიკური ნივთების დასამზადებლად, თხევად ნეონს - კრიოგენურ დანადგარებში. მაღალი სიწმინდის ნეონის მისაღებად საწარმოები მუშაობენ ოდესასა და მარიუპოლში. რუსეთში საკუთარი წარმოებაა განვითარებული.

საერთაშორისო კავშირების გაწყვეტის რისკი

რუსეთს დასავლეთში გააქვს ძირითადად კონცენტრატები და პირველადი ლითონები, უკან კი იღებს მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას. მაგალითად, ლითონის ფხვნილი 3D-ბეჭდვისთვის, რაზეც დიდი მოთხოვნილებაა სამამულო ძრავების დამზადების სფეროში, ან კოქსი მაღალტექნოლოგიური ელექტროდების დასამზადებლად, რომლის გარეშეც შეუძლებელია ელექტროფოლადის გამოშვება.
ცალკე საკითხია - რუსეთის საწარმოების კოოპერაცია ევროპულ და ამერიკულ საწარმოებთან. მაგალითად, რუსეთში დამზადებული კარბონატები მიეწოდება ესტონეთს, სადაც მათი დასაშლელი საწარმო მოქმედებს. მზა პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-ში იგზავნება. „ასეთი კავშირების გაწყვეტა გარდაუვლად გამოიწვევს ნეგატიურ შედეგს ყველა მხარისთვის. ესტონეთის უარის შემთხვევაში აუცილებელი იქნება საწარმოო სიმძლავრეების შექმნა რუსეთში ან კარბონატების გატანა ჩინეთში“, - განმარტავს პეტროვი.
კიდევ ერთი მაგალითია - უჟანგავი ფოლადი, რომელსაც მოსკოვი ევროპაში ყიდულობს.
„რუს მომხმარებლებს შეუძლიათ უარი თქვან ევროპული ფოლადის იმპორტზე, მაგრამ მეწარმეები ასე მარტივად ვერ იპოვიან მისი გასაღების ბაზარს: ევროპაში მოხმარებამ მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია, გლობალური ბაზარი კი გადატვირთულია ჩინური პროდუქციით“, - ამბობს ხაზანოვი.
თუმცა დასავლეთი, რასაკვირველია, პირველ რიგში რუსეთიდან ნავთობისა და გაზის მიწოდების საკითხითაა შეშფოთებული. მოსკოვი ჯერჯერობით ყველა საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს, მაგრამ თუ ის საპასუხო სანქციებს დააწესებს, რომლებიც ენერგომატარებლების ექსპორტს შეეხება, შედეგები მსოფლიო ეკონომიკისთვის ძალიან სერიოზული იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0