„კატასტროფამდე მივალთ“: სჭირდება თუ არა ევროპასა და ჩინეთს ანტირუსული სანქციები

© REUTERS / Maxim Shemetovგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
დმიტრი ერმაკოვი
ახალი დღე – ახალი სანქციები: რუსეთზე უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება. ვაშინგტონი ევროპას კიდევ უფრო მკაცრი ზომებისკენ მოუწოდებს. თუმცა ევროპაში არ არიან მზად ამისთვის, რადგან ეს ევროკავშირის ეკონომიკას დარტყმას მიაყენებს. ჩინეთი არ აპირებს მონაწილეობას, ისევე, როგორც თურქეთი. და, მაინც, პეკინში უფრთხიან დასავლეთის კონტრზომებს და რუსეთთან ძალიან ფრთხილ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

დარჩა უმცირესობა

უკვე 5,5 ათასი სანქცია დაწესდა – მეტი, ვიდრე ირანის, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ნახევარი – დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ. თანაც ყველაზე აქტიური თითქოსდა ნეიტრალური შვეიცარიაა.
ერთიანი ფრონტით გამოსვლას ითხოვს ვაშინგტონი – იმათგანაც, ვინც ნატოში არ არის. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა 8 მარტს განაცხადა: „ჩვენ ზეწოლას ვახორციელებთ ყველა ქვეყანაზე, რომელსაც ვესაუბრებით არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ სახელმწიფო მდივნისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე. მათ შორის იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც დღემდე იკავებენ თავს სანქციებისგან“.
თუმცა ჯერ ზომების გამკაცრებას ევროპაც კი არ ცდილობს. ევროკავშირის კომპანიებმა და საფინანსო ინსტიტუტებმა ათწლეულები დახარჯეს რუსული ბაზრის ასათვისებლად. გაწყვეტა ნიშნავს ძალიან დიდ ზარალს.
აშშ-ის, ევროკავშირის, კანადისა და იაპონიის მრავალი კორპორაცია ამბობს: არ გავდივართ, არამედ ვაჩერებთ საქმიანობას. მაგალითად, IKEA და McDonalds თანამშრომლებს – ათობით ათასს – ჯერჯერობით ანაზღაურებად შვებულებაში უშვებენ.
ზოგიერთი საერთოდ იკავებს თავს პოლიტიკური დემარშისგან, მაგალითად, იაპონური ტანსაცმლის მწარმოებელი Uniqlo. პრეზიდენტმა ტადასი იანაიმ თქვა: „ჩვენი საქონელი სასიცოცხლოდ აუცილებელია. რუსეთის მოსახლეობას ისეთივე უფლება აქვს იცხოვროს, როგორიც ჩვენ“. თუმცა ეს საერთო წესიდან იშვიათი გამონაკლისია.

„ევროპას სირთულეები ელის“

ნედლეული ძვირდება და ვაშინგტონის პარტნიორები ცდილობენ უკიდურესობების თავიდან აცილებას. ჩინოვნიკები თეთრი სახლიდან და ბრიუსელიდან ყველას მოუწოდებენ, სრულად თქვან უარი რუსულ ნახშირწყალბადებზე, მაგრამ ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
„საფრანგეთი არც ისე ძლიერაა დამოკიდებული რუსულ გაზზე. მაგრამ თუ მოსკოვი შეწყვეტს მიწოდებას, ევროპას მომავალ ზამთარს დიდი სირთულეები მოელის“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ ენერგორესურსებზე სანქციები არ გავრცელდება.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე სიფრთხილეს იჩენს: „არ არის საჭირო ევროპაში, მის ფარგლებს მიღმა და უკრაინაში არაკონტროლირებადი რისკების პროვოცირება. საჭიროა მუშაობის გაგრძელება რუსულ ენერგეტიკაზე“. „ჩვენი ნავთობის იმპორტის მესამედი რუსეთზე მოდის. თუ ამას ერთბაშად შევწყვეტთ, ხვალ მთელი ტრანსპორტი გაჩერდება“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.
უნგრეთი, რომელმაც ადრევე გადაუხვია ბრიუსელის გენერალურ ხაზს, ასევე არ არის მზად ემბარგოზე. „ენერგოსექტორზე სანქციების გაფართოება უნგრელი ხალხისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. ვინც ამას ითხოვს, იმას სურს გვაიძულოს, გადავიხადოთ ამ ომისთვის. უნგრეთის მთავრობა ასეთ ნაბიჯს არცერთ საერთაშორისო ფორუმზე არ დაუჭერს მხარს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მიხაი ვარგამ.
სერბეთი ევროკავშირში წევრობის კანდიდატია, მაგრამ ანტირუსულ სანქციებს პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი არ შეუერთდა, თუმცაღა აღიარა, რომ დასავლეთი „არნახულ ზეწოლას“ ახორციელებს მასზე. ევროპა მეტისმეტად ემოციურია გადაწყვეტილებების მიღებისას, სანქციები კი არის ისტორია იმაზე, როგორ კბენენ იმას, ვინც თავად იკბინება, აღნიშნა ევროპარლამენტის დეპუტატმა ტიერი მარიანიმ. „რუსეთს მძიმე დრო ელის, მაგრამ ის აღდგება და ზოგიერთ დარგში მოღონიერდება კიდეც. თუ ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ და გაზისა და ნავთობის შემოტანას შევწყვეტთ, კატასტროფამდე მივალთ“, – აღნიშნა მან და დასძინა: ნედლეული დოლარში ფასდება, ევრო კი ამერიკულ ვალუტასთან მიმართებით დასუსტდა. მაგალითად, ერთი ბარელი Brent-ის კოტირებამ 9 მარტს 125,18 დოლარს მიაღწია – თითქმის 15 პუნქტით აიწია ერთ დღეში.

საშინელი ზეგავლენა

თურქეთი არავითარ სანქციებს არ გეგმავს. მეტიც, რეჯებ თაიიფ ერდოღანს სურს მშვიდობისმყოფელის როლი შეასრულოს რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტში. როგორც გამოცემა Milliyet წერს, მან თავს რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ინიციატორი უწოდა. შეხვედრა 10 მარტს ანტალიის ფორუმზე უნდა გაიმართოს.
თურქები ყიდულობენ მკვეთრად გაძვირებულ ზეთს – მისი ძირითადი მიმწოდებლები არიან რუსეთი და უკრაინა.
„რუსული ნავთობის ჩანაცვლება მსოფლიო ბაზაზე ძალიან რთულია“, – ხაზი გაუსვა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ალფარსლან ბაირაქტარმა. მისი აზრით, დასავლეთის სანქციები ყველაზე საშინლად იმოქმედებს.
თუმცა ანკარამ უკვე იხეირა რუსეთსა და ევროპას შორის ცის დახურვის გადაწყვეტილებით. მთავარი საავიაციო ჰაბი გახდა სტამბული, ფრენების შეზღუდვების ერთ-ერთი ძირითადი ბენეფიციარი კი – კომპანია Turkish Airlines.

რუსეთის მეგობრები

ჩინეთში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები დაგმეს. გაეროში ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩჟან ძიუმ დასავლეთის პოლიტიკის გამო შეშფოთება გამოხატა: „ეს გამოიწვევს კატასტროფულ ჰუმანიტარულ შედეგებს და დააზარალებს სხვა ქვეყნებს“.
საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის თქმით, მოსკოვთან ურთიერთობები „ყველაზე მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებს შორის“. მეორე მხრივ, პეკინს ზეწოლის ეშინია, რითაც აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი ჯინა რაიმონდო უკვე დაემუქრა.
რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვის თითქმის 20% ჩინეთზე მოდის. ამის მიუხედავად, პირველი უსიამოვნო სიგნალები უკვე ჩანს. მაგალითად, ავტომობილების გაქირავების გიგანტმა DiDi Chuxing-მა განაცხადა, რომ გადის ქვეყნიდან, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა. ნედლეულის რუს ექსპორტიორებთან დადებული გარიგებების ფარგლებში სესხების გაცემა შეწყვიტეს Bank of China-მ და ოფშორულმა დანაყოფებმა Industrial & Commercial Bank of China (ICBC), წერს Bloomberg. პეკინს უკვე ჰქონდა ამერიკული შეზღუდვების გვერდიდან შემოვლის ნეგატიური გამოცდილება. ირანთან თანამშრომლობისთვის ვაშინგტონმა Huawei Technologies Co-ს და ZTE-ს სანქციები დაუწესა. Huawei-ს ფინანსურ დირექტორ მენ ვანჩჟოუს კი ვანკუვერში შინა პატიმრობა მიუსაჯეს.
„ჩინეთი იზიარებს რუსეთის უარყოფით დამოკიდებულებას საერთაშორისო სისტემის მიმართ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს. მაგრამ პეკინის მატერიალური დახმარება დასავლური სანქციების პირობებში მინიმალური იქნება“, – განუცხადეს გაზეთ South China Morning Post-ს იანმეი სემ და დან ვანმა ანალიტიკური ფირმიდან Gavekal Dragonomics.
ჩინეთისთვის მთავარი გასაღების ბაზარი აშშ და ევროპაა, განმარტავს პოლიტტექნოლოგი კონსტანტინ კალაჩოვი. „პეკინი არ აპირებს გარისკვას, იქ ფულს დაითვლიან. სი ძინპინი ამბობდა, რომ სურდა ფსონის დადება არა საგარეო ბაზრებზე, არამედ შიდა მოხმარებაზე. მაგრამ ჯერ ეს შესაძლებელი არ არის. ამიტომ ჩინეთი ძალიან ფრთხილად მოქმედებს“, – ამბობს ექსპერტი. რუსეთის შველას პეკინი ნამდვილად არ აპირებს.
ერდოღანს კი სჭირდება სულ მცირე გარკვეული პრეფერენციები კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში გავლენის სფეროების გასაძლიერებლად. „სინამდვილეში, თურქეთი არასდროს ყოფილა რუსეთის მოკავშირე, – ამბობს კალაჩოვი. – ანკარას სჭირდება რუსი ტურისტების, უძრავი ქონების მყიდველების ფული, ასევე ნავთობი და გაზი. ამერიკელები კი იქ დიდად არ უყვართ: ერდოღანი ფიქრობს, რომ სწორედ ვაშინგტონი დგას 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან“.
„ევროპული და ამერიკული კომპანიების განცხადებები საქმიანობის შეჩერების ან ქვეყნიდან გასვლის შესახებ – მხოლოდ ჟესტებია აშშ-ისა და ევროკავშირის კურსის ლოიალობის დემონსტრირებისთვის. სინამდვილეში არავინ აპირებს შემოსავლების დაკარგვას“, – ამბობს ეკონომისტი ლეონიდ ხაზანოვი.
და მოჰყავს ციფრები: მაგალითად, McDonalds-ის მოგებამ 2020 წელს შეადგინა 19,2 მილიარდი დოლარი. აქედან ნახევარზე მეტი რუსეთიდან მიიღო. ასეთ დიდ ფულზე McDonalds უარს არ იტყვის, ისევე, როგორც სხვა კორპორაციები.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0