კალაძე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
ოპოზიციის ნაწილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნული ასამბლეა პროტესტის ნიშნად დატოვა.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ეროვნულ ასამბლეაზე კენჭისყრით ასოციაციის პრეზიდენტად ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს.
ღონისძიებაზე საწესდებო საკითხებზე იმსჯელეს, რაც ასოციაციის პრეზიდენტის, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს არჩევასა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის​ (ათეა) წესდებაში შესატან ცვლილებებს გულისხმობს.
ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა ასამბლეა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, მის გუნდს ასამბლეაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების განხილვის საშუალება არ მიეცა.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნული ასამბლეა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს, 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა.
აღსანიშნავია, რომ ათეა არის საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას, ასევე ასოციაცია თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არაერთ ევროპულ გაერთიანებასთან.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მეშვიდე ეროვნული ასამბლეა ევროპის საბჭოს კონგრესისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოეწყო.
ყველა ახალი ამბავი
0