არის თუ არა ქვეყანაში სურსათის დეფიციტი

© Ministry of Economy of Georgiaსუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს იმპორტიორებს შეხვდა.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
მინისტრი დღეს მსხვილი სავაჭრო ქსელებისა და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შამუგიას თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა.

„იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მომწოდებლებთან“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება.
მოსახლეობა ბოლო დღეებში აქტიურად ყიდულობს პირველადი მოხმარების პროდუქტებს. დღეს მაღაზიებში გარკვეული პროდუქტების, მათ შორის, შაქრის დეფიციტი შეიქმნა. ამან მოქალაქეების ნაწილში პანიკა გამოიწვია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 1 აპრილიდან ქარხანა „აგარის შაქარი“ სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას და ბაზარზე შაქრის შეუფერხებელი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება.
„დღევანდელ დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგები. პირველი აპრილიდან ქარხანა „აგარის შაქარი“ სრულად დაიტვირთება. შესაბამისად, ადგილზე მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კომპანია „აგარის შაქრის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ.
საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, ამ ეტაპზე ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა ბოლო დღეებში სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ შეფერხებები დაფიქსირდა, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება და ეს ხელოვნურად იწვევს დეფიციტს.

„გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდა დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

სამინისტროს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ქვეყანაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდებისა და მარაგების შევსების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, ასევე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობა.
ყველა ახალი ამბავი
0