ამბავი კოშკებზე მფრენი ქართველებისა, ანუ ფრენა შესაძლოა იკაროსზე ადრეც დავიწყეთ

CC0 / Pixabay / ხერთვისი
ხერთვისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
გამოწერა
მართლაც, რას არ გაიგებ კაცი!..
ერთმა ჩემმა უმცროსმა მეგობარმა facebook-ში გამომიგზავნა მოკლე ცნობა, სადაც აღწერილია... როგორ დაფრინავდნენ ჩვენი წინაპრები ნაბდებით!

უძველეს ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე ბევრი მსმენია, ხრიდოლზეც, ხელ-ფეხშეკრულ ცურვაზეც და კიდევ ბევრ სხვაზეც, მაგრამ ნაბდით ფრენა?!
თუმცა, რაღაც ამის მსგავსი ადრეც მქონდა გაგონილი, ისტორიულ ანალებშიც გვხვდება ცნობები ქართველი მეომრების გაჭენებული ცხენიდან თუ მთიდან მთაზე გადაფრენის შესახებ. მაგრამ ეს უფრო ლეგენდა მეგონა, გაზვიადებული მეჩვენა და დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ამჯერად კი არ დავიზარე და შევეცადე დამედგინა, რამდენად შეეფერებოდა სინამდვილეს ქართველთა „იკაროსობა“.
ამ თემაზე თავდაპირველად ეთნოგრაფ გიორგი გიგაურის წერილს გავეცანი, რომელსაც გასული საუკუნის 80-იან წლებში აკუშოელი (სოფელია დუშეთის მუნიციპალიტეტში) ხევსურის გიორგი ლიქოკელის ნაამბობი ჩაუწერია:

„მტერ რომ კოშკ-ციხეებს ისე მოადგებოდა, რომ ვერავინ გადარჩებოდა, მაშინ ბავშვებს და მოზარდებს უშვებდნენ „აფრანავით“ ჯიშის და გვარის გადასარჩენად“.

ნაბდით ფრენა არც თუშებისა და სვანებისთვის ყოფილა უცხო. ლაზები ხომ მთლად ცნობილებიც ყოფილან ამით და საკუთარი კონსტრუქციით დამზადებული საფრენი აპარატი მაჭირხოლიც (მერცხალს ნიშნავს) ჰქონიათ.
რა იყო ეს „აფრანავი“ და „მაჭირხოლი“, როგორ და რა მიზნით მზადდებოდა?
როგორც ირკვევა, იბერებს თანამედროვე დელტაპლანი ოდითგან ჰქონიათ. იგი თვალის დახამხამებაში იკვრებოდა სამწყემსო კვერთხებით, რომლებსაც თავსა და ბოლოში კავისებური კაუჭები ჰქონია. ამ კვერთხს ქიას ეძახდნენ.
ქიასგან სამკუთხა, ექვსკუთხა, რვაკუთხა მაჭირხოლი იკვრებოდა. კვერთხებით შეკრულ ჩარჩოზე — მარზე, თხლად მოთელილი ნაბადი ან აბრეშუმი (აფრაშუმი) იყო გადაკრული.
მიუვალ ჭიუხებში ჩასაფრებული მეომრები, თუ მტერი მათ ადგილსამყოფელს აღმოაჩენდა, ამგვარი აპარატით ერთი მთიდან მეორეზე გადაფრინდებოდნენ ხოლმე.
თუმცა მათი მთავარი დანიშნულება მაინც ბავშვებისა და მოზარდების ალყიდან გარიდება ყოფილა. ნაბდისგან შეკრული „აფრანავი“ დიდ სიმძიმეს ვერ უძლებდა, პატარები კი იოლად გადაჰყავდა ერთი კოშკიდან მეორეში.

მეცნიერების აზრით, მაჭირხოლით ფრენის ელემენტები გვხვდება აჭარულ ცეკვებშიც. გავიხსენოთ ხორუმისა და განდაგანას მოცეკვავის სამოსი ჩაქურა, რომელსაც უკან მეტად უცნაური, გამობერილი ბალიშის ფორმა აქვს, ხოლო სახსრებთან — სამკლავურები და სამუხლეები.
ეს ელემენტები უთუოდ დამჭერის როლს ასრულებდა და რბილ დაშვებას უზრუნველყოფდა. თავად ცეკვის ილეთებში კი პირდაპირ არის ასახული ფრენას მიმსგავსებული ილეთები, კოშკის მსგავსი კონსტრუქციის შეკვრა ხორუმში სამი მოცეკვავის მიერ მხრებზე შედგომით და სხვ.

ფრენის ეს ძველქართული მეთოდი მეორე მსოფლიო ომისას გამოუყენებია უაღრესად საინტერესო პიროვნებას, გენერალ კაპიტონ ნაჭყებიას. ეს კაცი-ლეგენდა 1943 წელს თეირანში, დიდი სამეულის შეხვედრაზე დაცვასა და პირად კომუნიკაციებს კურირებდა. კავკასიონის დაცვისას ნაჭყებიას ეგერთა კორპუსი ჩამოუყალიბებია, უძველესი „აფრანავების“ მსგავსი კონსტრუქციები დაუმზადებია ბამბუკისა და „პლაშჩ-პალატკისგან“ და ბაკურიანში წარმატებული საცდელი ფრენებიც მოუწყვია. წამოწყების კურატორ რუს გენერალ ტიულენევს ამ აპარატებისთვის „ლასტოჩკა“ შეურქმევია.
ასეთ ცნობასაც წავაწყდი: 1943 წელს ქერჩში საბრძოლო მოქმედებებისას ქართველმა მეომრებმა, თურმე, ეს ასაფრენი ნაბდები ააწყვეს და ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრიდან აღელვებულ ზღვაზე დაეშვნენ. ღელვის გამო გერმანელები იქიდან შეტევას არ ელოდნენ და ვერაფრით გაარკვიეს, როგორ ამოვიდა 120 მეომარი ზღვიდან. ქართველებს კი გენერალ კაპიტონ ნაჭყებიასაგან ჰქონდათ ნასწავლი საფრენი ნაბდის ასაწყობი კონსტრუქცია და ამგვარი ხერხით დასცემიან თავს გაოგნებულ გერმანელებს.

ზემოთ ნახსენებ ეთნოგრაფ გიორგი გიგაურს „ვეფხისტყაოსანში“ ასეთი სტროფისთვის მიუქცევია ყურადღება:

„მასვე წამსვე დაიკარგა, გადაფრინდა ბანის ბანსა“.

ადვილი შესაძლებელია, შოთა რუსთაველის ეს გამონათქვამი უბრალოდ პოეტური მეტაფორა კი არა, რეალობა იყოს.

ფაქტი ერთია: უძველესი ქართული საომარი ხერხები სერიოზულ დაკვირვებასა და შესწავლას მოითხოვს. ვინ იცის, ეგებ მითიურ იკაროსზე ადრეც კი დავიწყეთ ფრენა და, სხვა ბევრი მიღწევის გარდა, ცაში ნავარდის პიონერებიც ჩვენი წინაპრები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0