რუსეთში ქართული რძის ნაწარმის ექსპორტი: მინისტრმა თემის წამოწევას სპეკულაცია უწოდა

© photo: Sputnik / Varvara Gertye / გადასვლა მედიაბანკშირძის ნაწარმი
რძის ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებას შექმნილი აჟიოტაჟის გამო განმარტების გაკეთება მოუხდა.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. რუსეთმა მხოლოდ ახლა დააკმაყოფილა ქართული რძისა და რძის ნაწარმისთვის თავისი ბაზრის გახსნაზე წარდგენილი განაცხადი, რომელიც კერძო კომპანიების ინიციატივით ორი წლის წინ გაკეთდა, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ბრიფინგზე.
ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე ქართული მხარე, პირიქით, გეგმავს ამ ქვეყანაში ექსპორტის გაფართოებას. დასავლეთმა სანქციების გამკაცრება უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ გადაწყვიტა.

„ევროკავშირში დაშვებულ იქნა თაფლი და შარშან ამ მიმართულებით გვქონდა ძალიან კარგი შედეგი. ამ პროცესის გაგრძელებაა რუსეთში და ევრაზიის კავშირის სხვა ქვეყნებში ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტის საკითხი. ცხოველური წარმოშობის ქართული პროდუქციის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო კონკრეტული კომპანიების მიმართვის საფუძველზე.
„2020 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. ამის შემდეგ ჩვენ გარკვეული დოკუმენტაციებისა და ინფორმაციის მიწოდების გარდა, რაც საჭირო იყო ამ პროცესისთვის, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
აჟიოტაჟი ქართული რძის ნაწარმის გარშემო მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 მარტს საქართველომ რუსეთისგან მიიღო პასუხი იმის შესახებ, რომ რუსეთის ბაზარზე 15 კომპანიის პროდუქციის დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს.

არც ქართულ მხარეს და არც რუსულ „როსსელხოზნადზორს“ არ გაუვრცელებია ინფორმაცია კონკრეტული კომპანიების შესახებ. ამასთან, მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში წარმოებული რძის პროდუქცია ადგილობრივი მომხმარებლებისთვისაც კი არ არის საკმარისი.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რაზეც ქვეყანა მრავალი წელია მუშაობს.
„აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან ისეთ ბაზრებზე ექსპორტის ზრდისთვის, როგორიც არის ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი და ა.შ. გვაქვს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს სასურსათო პროდუქციის რეკორდული ექსპორტი გვქონდა – 1.142 მლნ დოლარის ფარგლებში, დაახლოებით 200-მილიონიანი ზრდა წინა წლის პერიოდთან შედარებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ევროკავშირის ბაზარი და სოფლის მეურნეობის სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს კონკრეტული გეგმა იმ წესებისა და სტანდარტების დასანერგად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტისთვის.
რატომ არ არის ქართული მაწონი ქართული, ანუ იძებნება მაწვნის დედა >>
ამჟამად რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2021 წელს 23,2%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით და 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0