ქართული რძის ნაწარმის ექსპორტი რუსეთში: სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშირძის ქარხანა
რძის ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2022
გამოწერა
შაბათს ცნობილი გახდა, რომ „როსსელხოზნადზორმა“ საქართველოდან რძისა და რძის პროდუქტების მომწოდებლების სიის გაფართოება გადაწყვიტა.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ქართული რძისა და რძის პროდუქტების რუსულ ბაზარზე გატანაზე მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს და ახლახან დასრულდა, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ოპოზიციამ მკვეთრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების ფონზე ქართული მხარე ამ ქვეყანაში ექსპორტის გაფართოებას გეგმავს. დასავლეთმა სანქციების გამკაცრება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაცია წამოიწყო.
„ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც“, - ნათქვამია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან.
„2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.
იქვე აღნიშნულია, რომ ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი. სააგენტოში აღნიშნეს, რომ 2021 წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის ქართული თაფლია გატანილი.
ქართული საწარმოები რუსეთში რძისა და რძის ნაწარმის მიწოდებას შეძლებენ >>
შაბათს ცნობილი გახდა, რომ „როსსელხოზნადზორმა“ საქართველოდან რძისა და რძის პროდუქტების მომწოდებლების სიის გაფართოება გადაწყვიტა. საუბარია 15 ქართულ საწარმოზე, რომელთა ვინაობა არ ზუსტდება.
როგორც „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებები 5 მარტს გაიმართა. მასში საქართველოს, ბელარუსისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს სახელით მოლაპარაკებებში სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზურაბ ჩეკურაშვილი მონაწილეობდა.
დღეს რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 23,2%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გასულ წელს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია 107,4 ათასი ტონა მინერალური და სასმელი წყალი, 105 ათას ტონამდე ფეროშენადნობი, 38,4 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო და დაახლოებით 25 ათასი ტონა ხილი და ა.შ.
წყარო - სურსათის ეროვნული სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0