რა ვითარებაა საქართველოში ხორბლის და ფქვილის მარაგების კუთხით: სამინისტრო

© photo: Sputnik / Artem Kreminskiy / გადასვლა მედიაბანკშიხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2022
გამოწერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოს ხორბლის მარაგის და ფქვილის შემოტანის პრობლემა არ აქვს, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხორბლისა და ფქვილის მარაგის საკითხი რუსეთ–უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ წამოიჭრა, რომლებიც საქართველოსთვის ამ პროდუქციის ძირითადი მომწოდებლები არიან. უკრაინაში შექმნილი ვითარებით გამოწვეული ფასების ზრდის გამო უნგრეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა გადაწყვიტა. უნგრეთის მთავრობის შესაბამისი განკარგულება პარასკევს საღამოს გამოქვეყნდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასმა ბოლო 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია.
საქართველოში ფქვილის იმპორტთან დაკავშირებული საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგების პრობლემები არ არსებობს, ასევე, შეფერხება არ არის და სტაბილურად შემოდის ფქვილი.
მინისტრის განცხადებით, მიუხედავად აღნიშნულისა, ხორბლისა და ფქვილის იმპორტის მიმართულებით ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც წისქვილკომბინატები მუდმივად მუშაობენ.
ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის მარაგებსა და ექსპორტს ამ ეტაპზე პრობლემები არა აქვს.
თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, წისქვილკომბინატებს ალტერნატიული ბაზრებიდან იმპორტის შესაძლებლობა ექნებათ.
რაც შეეხება ფქვილისა და ხორბლის ფასებს, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებსაც შესთავაზა კონკრეტული წინადადება და საბოლოოდ მიღებული იქნება ერთობლივი გადაწყვეტილება. ხელისუფლება სთავაზობს ხორბლის შესყიდვების სუბსიდირებას, რათა ფასი კონკურენტული გახდეს და წისქვილებმა კონკურენტულ გარემოში მუშაობა შეძლონ.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0