„აწარმოე უკრაინისთვის“ კამპანიის ფარგლებში შეგროვილი პირველი ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა

© Ministry of economy of Georgiaთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2022
გამოწერა
ქართული კომპანიების მხარდაჭერითა და თანადგომით უკრაინის დასახმარებლად 40 ტონამდე სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია შეგროვდა.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მთავრობის გადაწყვეტილებითა და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით დაწყებული კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში შეგროვილი პირველი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი საქართველოდან გაიგზავნა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ქართული კომპანიების მხარდაჭერითა და თანადგომით შეგროვდა 40 ტონამდე სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების პროდუქცია, რომელიც უკრაინელ ხალხს გადაეცემა.
„ქართული კომპანიების დახმარებით დღეს უკრაინაში გავაგზავნეთ სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის პირველადი მოხმარების ნივთები, ბავშვთა კვება, ტანსაცმელი, ჰიგიენა, სხვადასხვა არამალფუჭებადი საკვები. დარწმუნებული ვარ, ახლა, როდესაც უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა, ეს იქნება მოკრძალებული წვლილი მათ დასახმარებლად“, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა კომპანიას, ვინც ჩაერთო „აწარმოე უკრაინისთვის“ კამპანიაში, ასევე „საქართველოს ფოსტას“, რომელმაც უზრუნველყო ტვირთის ტრანსპორტირება და ლოგისტიკა და ასევე ავიაკომპანია „იზი ჩარტერს“ გაწეული დახმარებისთვის.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფართომასშტაბიანი კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით 28 თებერვალს დაიწყო. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნა, ასევე საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის გადაცემა.
კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც შეძლებს ბმულში ჩამოთვლილი პროდუქციის მოწოდებას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 თებერვალს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც საქართველო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას 1 მილიონი ლარით დაეხმარება.
საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაგზავნა, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.
ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსებაც, „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ამანათების უსასყიდლოდ გაგზავნა და ა.შ.
წყარო - კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“
ყველა ახალი ამბავი
0