„შემოვიდნენ წითლები...“ – სიმღერასა და ლექსში შემონახული სახელები

© Pixabay / kat7214ქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
გამოწერა
ეს ადამიანები სხვებისგან არაფრით იყვნენ გამორჩეული, მათ არც დიდ ბრძოლებში უსახელებიათ თავი და არც ეროვნული მოღვაწეები ყოფილან...
თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მათზე მაინც შეიქმნა ლექსები თუ სიმღერები, რის წყალობითაც მათი სახელები დავიწყებას ალბათ არასდროს მიეცემა.

„შემოვიდნენ წითლები...“

ყველას თუ არა, ალბათ ბევრ თქვენგანს ერთხელ მაინც მოუსმენია სიმღერა ბარნაბა ეძგვერაძეზე, რომლის წყალობითაც ეს კაცი ძალიან პოპულარული გახდა ხალხში.
ბარნაბა რეალური პიროვნება იყო. 1884 წელს დაიბადა ხონის რაონის სოფელ გუბში და ცხოვრების უმეტესი ნაწილი მშობლიურ სოფელში გაატარა. სიჭაბუკეში ერთი პერიოდი თბილისში, სასტუმრო „ფანტაზიაში“ მუშაობდა მსახურად, მაგრამ მალევე დაბრუნდა გუბში.
ღარიბ ოჯახში გაზრდილმა ბიჭმა იმდენი მოახერხა, რომ საკუთარი დუქანი გახსნა, რომელმაც ძალიან მალე გაითქვა სახელი — ბარნაბა იმდენად გემრიელ კერძებს ამზადებდა, რომ ხალხი ფუტკარივით ეხვეოდა. ქუთაისიდანაც კი ჩადიოდნენ გუბში, რომ ხელმარჯვე მზარეულის კერძები გაესინჯათ.
ვინ აღარ მიდიოდა მასთან – სამხედრო პირები, ვაჭრები, რევოლუციონერები... დუქნის ხშირი სტუმარი იყო ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე ბუდუ მდივანიც, ასევე სხვა პოლიტიკური მოღვაწეები. ხოლო იოსებ ჯუღაშვილთან (სტალინთან) თურმე მეგობრობდა კიდეც ბარნაბა. სოსოს იხვის ჩაშუშული ჰყვარებია და ეძგვერაძეს ეტყოდა ხოლმე, მე რომ მიყვარს, ის კერძი გამიკეთეო. ბარნაბაც დაუკლავდა საუკეთესო იხვს და უგემრიელეს ჩაშუშულს უმზადებდა დევნილ რევოლუციონერს.
ეძგვერაძეს ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ყველასთვის საჭირო კაცი იყო. მის განთქმულ დუქანში ბოლშევიკებიც დადიოდნენ და მენშევიკებიც. მედუქნე ხან ერთი პარტიის ხალხს უმასპინძლდებოდა, ხან მეორისა და ორივენი ემადლიერებოდნენ. რევოლუციონერები იმიტომ, რომ პროკლამაციებს ინახავდა, მთავრობისგან დევნილებს მალავდა და საჭმელსაც აჭმევდა. ამისთვის დაიჭირეს კიდეც, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და მალევე გაათავისუფლეს.
ხალხმაც ვერ გაიგო, ვის მხარეს იყო ეძგვერაძე და ასე გაჩნდა ეს სიმღერაც:
ბარნაბა ეძგვერაძე  - Sputnik საქართველო

„შე­მო­ვიდ­ნენ წით­ლე­ბი,

ატყდა და­ვი­და­რა­ბა,

რო­მელ პარ­ტი­ას ეკუთ­ვნის

ეძგვე­რა­ძე ბარ­ნა­ბა?“

კომუნისტებმა გვიან, მაგრამ მაინც დააფასეს ბარნაბას ამაგი. 1956 წელს შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს (ორდენთან ერთად ფულადი ჯილდოც იყო გათვალისწინებული).
ბარნაბასთვის წლების განმავლობაში ქუთაისის თეატრში საგანგებო ლოჟაც კი იყო გამოყოფილი და ისიც, სანამ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, არცერთ პრემიერას არ აცდენდა. სიბერეში შესულმა სოფელ გუბში სახლი გაყიდა და ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად.
ის სახლი, სადაც ეძგვერაძეს დუქანი ჰქონდა გახსნილი, დღემდე დგას. მართალია, მის წინ ამჟამად გაჩერება აღარ არის, მაგრამ იმ ადგილს მაინც „ბარნაბას გაჩერება“ ჰქვია.
კოლორიტული პიროვნება 1966 წელს, აღდგომა დღეს, 81 წლისა გარდაიცვალა, თუმცა მასზე შექმნილი სიმღერა დღემდე ახსოვთ და ხშირად წაუმღერებენ კიდეც.

„საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი...“

ჩვენში ძალიან ცნობილი კიდევ ერთი რეალური პიროვნება, რომლის სახელიც თავად ვაჟა-ფშაველამ შემოგვინახა, ალუდა ქეთელაურია.
ქეთელაურები ხევსურეთის ერთ-ერთი ულამაზეს სოფელში, ბისოში სახლობდნენ. გასულ საუკუნეებში ხან მტრის შემოსევებისგან, ხანაც შავი ჭირისაგან მთელი სოფელი გაწყვეტილა. უკურნებელი სენისგან მხოლოდ ერთი მცირეწლოვანი ყმაწვილი გადარჩენილა. ობოლი ბავშვი ხევსურ მწყემსს, გვარად გოგოლაურს უპოვია, წაუყვანია ცხვარში, გაუზრდია, დაუვაჟკაცებია.
ალუდა იმ ყმაწვილის პირდაპირი შთამომავალი ყოფილა. ქეთელაურს უშიშარი და სამართლიანი ვაჟკაცის სახელი ჰქონდა დაგდებული. ერთხელ ქისტებთან შეტაკებაში უმძიმესად დაჭრილა რამდენიმე ადგილას. სისხლისგან რომ არ დაცლილიყო, ჭრილობები ბალახით ამოუვსია, ნაჭრით გადაუხვევია და ასე დაბრუნებულა შინ.
ვაჟა-ფშაველა - Sputnik საქართველო

„ალუდა ქეთელაური

კაცია დავლათიანი,

საფიხვნოს თავში დაჯდების,

სიტყვა მაუდის გზიანი;

ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა,

სცადა ფრანგული ფხიანი.

ცუდას რად უნდა მტერობა,

კარგია მუდამ მტრიანი...“

განშლაშეკუმშვა
თანასოფლელები დაჭრილ-დასახიჩრებული ალუდას დანახვაზე გაოგნებულან, გაჰკვირვებიათ მისი გადარჩენა. ზოგს უთქვამს კიდეც – ალბათ ღორი იქნება, რომ არ კვდებაო. საქმე ისაა, რომ, როგორც ამბობენ, ღორს თუ შიგ გულში არ ჩაარტყი დანა, ისე არ მოკვდება. მას შემდეგ ალუდას შთამომავლებს „ღორიანთ მამიშვილობას“ ეძახდნენ თურმე.
სამწუხაროდ, ალუდას დაბადება-გარდაცვალების ზუსტი თარიღები უცნობია. სავარაუდოდ, XIX საუკუნის პირველ ნახევარში უნდა ეცხოვრა. დანამდვილებით არც ის არის ცნობილი, ალუდამ ქისტს მართლა არ მოსჭრა მარჯვენა, თუ ეს მხოლოდ პოეტის ფანტაზიის ნაყოფი იყო (მოკლული მტრისთვის ხელის მოკვეთა ხევსურებს წესად ჰქონდათ. ისინი მოჭრილ მარჯვენას საკუთარი სახლის კედელზე ან ციხის გალავანზე ჰკიდებდნენ. ვისაც მეტი ხელი მოუგროვდებოდა, ყველაზე დიდ ვაჟკაცადაც ის მიიჩნეოდა).
თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ალუდა ქეთელაური ნამდვილად არსებობდა, სიმამაცით მთელ ხევსურეთში იყო განთქმული, ვაჟა-ფშაველამ კი სამუდამოდ უკვდავყო მისი სახელი.
ყველა ახალი ამბავი
0