გაზისა და ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა: რას იწვევს დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ?

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
ვადიმ პავლოვი
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის ჩატარების გამო სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესეს. სანქციებმა მსოფლიო ბაზრებზე გაზისა და ნავთობის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია.
რა ელის დასავლეთის ქვეყნებს რუსეთზე სანქციებით ზეწოლის შედეგად, გაღრმავდება თუ არა ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში და როგორ აისახება ეს სიტუაცია ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებზე?

ისტორიული მაქსიმუმი ზღვარი არ არის?

შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების, დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ფონზე მსოფლიო ბაზარზე გაზი გაძვირდა.
მაგალითად, ათასი კუბომეტრი გაზი ნიდერლანდის ჰაბზე TTF-ზე 2 მარტს 2,2 ათას დოლარს ასცდა. „ცისფერი საწვავი“ ევროპაში ნახევარ დღეში 50%-ით გაძვირდა.
წინა რეკორდი გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა, მაშინ ათასი კუბომეტრი 2,19 ათას დოლარად იყიდებოდა, რის შემდეგაც ფასმა ნელ-ნელა დაიწია.
როგორც ევროპის ცენტრალურ ბანკში იუწყებიან, გაზის მკვეთრი გაძვირება დიდწილად პროვოცირებულია ბოლო თვეებში ევროპის ქვეყნებში ინფლაციის დაჩქარებით.
თებერვალში გერმანიაში სამომხმარებლო ფასები 5,5%-ით გაიზარდა. იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ასევე საუბრობენ თებერვალში მოსალოდნელზე სწრაფ ინფლაციაზე.
ევროზონის თებერვლის ეკონომიკური მაჩვენებლები უახლოეს მომავალში უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა ანალიტიკოსები უკვე ასახელებენ ინფლაციის რეკორდულ მაჩვენებელს – 5,6%-ს.
ამჟამად ევროპაში გაზის ფასი განისაზღვრება რუსეთისა და უკრაინის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობით, ამბობს რუსეთის ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის ანალიტიკოსი იგორ იუშკოვი.
„გარკვეულწილად, ნებისმიერი დაძაბულობა ევროპაში გაზის უმსხვილესი მიმწოდებლისა და გამტარი ქვეყნის ირგვლივ, რომლის ტერიტორიაზეც წელიწადში მინიმუმ 40 მლრდ კუბომეტრი აირი მიედინება, ფასებს მაღლა სწევს. დღეს შეინიშნება პანიკა ბირჟაზე და რთულია ახლო დღეების პროგნოზის გაკეთება. თუ დაწესდება სანქციები, რომლებიც ევროპაში რუსული გაზის შეძენას შეზღუდავს, ან გავრცელდება ინფორმაცია უკრაინის ტერიტორიაზე გაზსადენის ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ, რასაკვირველია, ეს ფასებს კიდევ უფრო ასწევს და ათასი კუბომეტრის ფასი 2 ათას დოლარს ასცდება“, – ამბობს ექსპერტი.
შემდგომი ფასები დამოკიდებული იქნება უკრაინის ტერიტორიაზე მოვლენების განვითარებაზე, ფიქრობს რუსეთის მთავრობასთან მოქმედი ფინანსური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი.
„მნიშვნელოვანია, რა მოხდება დასავლეთის პასუხის თვალსაზრისით რუსეთის ქმედებებზე. თუ, მაგალითად, ისინი მოუსმენენ გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატური პრობლემების მინისტრ რობერტ ჰაბეკს, რომელიც აცხადებს, რომ გერმანია ვეღარ იყიდის რუსეთისგან გაზსა და ნახშირს, ფასები ევროპაში შეიძლება მრავალი ათასი დოლარით გაიზარდოს. თუმცა აუცილებელია ითქვას, რომ ეს იქნება სერიოზული სტრესი გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ეკონომიკისთვის“.
ნაციონალური ენერგეტიკის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ფროლოვი ამბობს: „უნდა გვესმოდეს, რომ დღეს მსოფლიო ენერგეტიკულ კრიზისშია, რომელიც 2021 წელს დაიწყო. ამ ფონზე ნებისმიერი ცნობა, რომელიც ნედლეულის მწარმოებელი ქვეყნის ირგვლივ ვითარების გამწვავებას ეხება, მეტად მტკივნეულად აღიქმება ბაზრებზე და რეაქციაც მწვავეა“.
რუსეთი – ესაა ბუნებრივი აირის მიწოდების 75-100% ბულგარეთში, ჩეხეთში, ესტონეთში, ლატვიაში, უნგრეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, სლოვაკეთში, სლოვენიასა და ფინეთში, 50-75% – გერმანიაში, შვედეთსა და პოლონეთში, აღნიშნავს რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი ალექსანდრ ტიმოფეევი.
ამ მოცულობის ანაზღაურება გარკვეული დოზით მხოლოდ ირანს შეუძლია. მაგრამ შეზღუდვების მოხსნა ითვალისწინებს, მათ შორის, ბირთვულ გარიგებასაც, რომლის დასადებად არც აშშ და არც ევროპული ქვეყნები მზად არ არიან“, – ფიქრობს ექსპერტი.
რუსეთსა და „გაზპრომს“ ევროპაში გაზის მიწოდების შეწყვეტაზე ჯერ არ განუცხადებიათ, ჯერ არც ევროკავშირის გაზის იმპორტთან დაკავშირებული სანქციები გამოუცხადებიათ.
ტრანზიტის შეჩერება უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ამას თავად უკრაინა გააკეთებს. დღესდღეობით გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა დაზიანებული არის“, – ამბობს ალექსანდრ ფროლოვი.
„რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერებით, – ამბობს იგორ იუშკოვი. – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ჯერ არ მუშაობს, ე.ი. უკრაინა რუსული გაზის უალტერნატივო გადამტანია, თუ ახლო პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. დღეს ევროპა საკმაოდ ცოტა გაზს მოიხმარს, ამ პირობებში დღე-ღამეში უკრაინის გავლით 50 მლნ კუბომეტრი გაზი გადის. თეორიულად, შესაძლებელია ამ მოცულობის გადატანა „იამალ-ევროპის“ გაზსადენით, ბელარუსის გავლით. მაგრამ ევროპაში გაზის ნორმალური მოცულობით მოხმარების შემთხვევაში „გაზპრომი“ უკრაინის გაზსადენის გარეშე ვერ შეძლებს საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებას“.
Gas Infrastructure Europe-ის 26 თებერვლის მონაცემებით, ევროპის საცავებში გაზის მოცულობა შარშანდელთან შედარებით 21,5%-ით ნაკლებია. საერთო მარაგი 29,5%-ია.
გარდა ამისა, იზრდება გაზზე მოთხოვნილება აზიის ბაზარზე. რუსეთზე სანქციებით ზეწოლის პირობებში კი „გაზპრომმა“ შეიძლება შეცვალოს ორიენტირი და გაზი აზიის ბაზრებზე გაიტანოს, რაც ასევე გამოიწვევს საწვავის გაძვირებას.

„შავი ოქრო“ „ცისფერი საწვავის“ კვალდაკვალ

გაზის გაძვირების გარდა ფიქსირდება ნავთობის გაძვირებაც. 2 მარტს ერთ ბარელი Brent მარკის ნავთობის ფასმა 113 დოლარს მიაღწია.
„თუ აშშ და ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს შეზღუდავენ, ეს შეიძლება აისახოს მსოფლიო ფასებზე, მაგრამ აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს, რომელიც გაზზე, – აცხადებს ალექსანდრ ფროლოვი. – ანუ ამ მომენტში თვალს ვადევნებთ ისტერიულ სპეკულაციურ რეაქციას. მოთამაშეების ნაწილი სარგებლობს შექმნილი ვითარებით, რათა მეტი ფული იშოვოს ბაზრებზე სიტუაციის დაძაბვის გზით“.
ფროლოვის აზრით, ევროკავშირი და აშშ ალბათ ვერ შეძლებენ შეზღუდვების დაწესებას რუსული ნავთობის იმპორტზე.
„ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რუსეთი მექსიკას ებრძვის აშშ-ში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების მოცულობით მეორე ადგილისთვის. ამასთან, შტატებში ბოლო თვეებში შეინიშნება ძრავის საწვავის გაძვირება, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვადასხვა ნაბიჯს დგამს, რათა ფასების ზრდა შეაჩეროს. ნათელია, რომ რუსეთზე შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ფასები ძალიან მოიმატებს. ეს კი არავის უნდა“, – ამბობს ექსპერტი.
რუსეთიდან ნავთობის იმპორტის 75-100% ხორციელდება ბულგარეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ფინეთში, 50-75% – ლიეტუვასა და პოლონეთში, 25-50% – ჩეხეთში, გერმანიაში, ნიდერლანდში, რუმინეთში, ამბობს ალექსანდრ ტიმოფეევი. ისევე, როგორც გაზის შემთხვევაში, ამ მოცულობის ნაწილობრივ ანაზღაურება შეუძლია მხოლოდ ირანს, თუმცა აქაც კვლავ სანქციებისა და ბირთვული გარიგების საკითხი წამოიწევს წინ, რისთვისაც დღეს ევროკავშირი და აშშ არ არიან მზად.
იგორ იუშკოვის აზრით, დასავლეთი რუსული ნავთობის შეძენას ვერ აკრძალავს, რადგან მას ვერაფრით ჩაანაცვლებს. თუ ირანს სანქციებს მოუხსნიან, ის მოპოვებას დღე-ღამეში 2-2,5 მლნ ბარელით გაზრდის და ნაწილობრივ ჩაანაცვლებს რუსულ ნავთობს, მაგრამ ეს მაინც არ არის 5-7 მლნ ბარელი დღეში, რომელიც რუსეთს გააქვს ევროპაში.
რუსეთის მიმართ „ირანული სცენარის“ (ირანულ ნავთობზე სრული ემბარგოა დაწესებული) რეალიზაციის შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას ექსპერტები უარყოფითად პასუხობენ.
„თეორიულად, რასაკვირველია, ასეთი ვარიანტი უნდა განიხილებოდეს, – ამბობს სტანისლავ მიტრახოვიჩი. – მაგრამ რუსეთი გაცილებით დიდია, ვიდრე ირანი, რუსეთის ეკონომიკა ირანის ეკონომიკაზე რამდენჯერმე დიდია. თუ პოლიტიკურმა რეჟიმმა ვერ შეძლო ირანის ეკონომიკის განადგურება სანქციებით, რუსეთში ეს მით უმეტეს შეუძლებელია“.
„ირანის მსგავსად, რუსეთზე სანქციების დაწესება, ჩემი აზრით, შეუძლებელია, – ამბობს ალექსანდრ ფროლოვი. – რუსეთს ნავთობის მსოფლიო წარმოების 10% უჭირავს. მოპოვებული ნავთობის 55% გადამუშავდება, დანარჩენი, ასევე გადამუშავებული ნავთობის ნაწილი, ექსპორტზე გადის. მაგალითად, წარმოებული 75 მლნ ტონა დიზელის საწვავიდან 40 მლნ ტონა ექსპორტით გადის. რუსეთის ბაზრიდან წასვლა – დღეში 5 მლნ ბარელი სუფთა ნავთობი, ასევე ნავთობპროდუქტები – გამოიწვევს შოკს ბაზარზე და ფასების ზვავისებურ ზრდას“.
ექსპერტების აზრით, დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაშიც კი რუსული ნავთობი არ დაიკარგება და სხვა რეგიონებში გავა.
„ახლა 1990-იანი წლები არაა, როცა აშშ მსოფლიოში ერთადერთი ზესახელმწიფო იყო. სიტუაცია შეიცვალა, – ფიქრობს სტანისლავ მიტრახოვიჩი. – დასავლეთმა რუსულ ნავთობზე სანქციები რომც დააწესოს, რუსეთს დარჩება ჩინეთი, ინდოეთი და ბევრი სხვა ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიმართ დადებითად არიან განწყობილი. ისინი რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ“.
„ჩინეთს ესმის, რომ თუ დასავლეთი დღეს რუსეთის „წელში გატეხვას“ მოახერხებს, ხვალ მას მიაკითხავს. ამიტომ ის რუსეთს მხარს დაუჭერს და შეიძენს რუსულ ნედლეულს, ე.ი. რუსეთის გაძევება სავალუტო ბაზრიდან დასავლეთს გაუჭირდება“, – ამბობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ალექსეი ზუბეცი.

რა ელის ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებს?

იგორ იუშკოვის სიტყვებით, შექმნილი ვითარების გამო „ყველაფერი ცუდადაა“ მოლდოვაში.
„რაც უფრო ძვირია გაზი ევროპის ბაზრებზე, მით უფრო ძვირია ის მოლდოვასთვის. მოლდოვას დღევანდელი ხელისუფლება დაჟინებით აცხადებდა, რომ მათ ევროპული ორიენტაცია აქვთ, მაგრამ თან უკვირს, როცა სტანდარტულ ევროპულ კონტრაქტებს სთავაზობენ. ამიტომ გაზის გაძვირება – მათი კონტრაქტის ნაწილია. მთელი ეს გეოპოლიტიკური ისტორიები მათთვის ერთმნიშვნელოვნად არახელსაყრელია“, – ამბობს ექსპერტი.
მსგავსი სიტუაციაა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. იგორ იუშკოვის თქმით, მათთან ფასები ასევე ევროპის ბაზრებზეა მიბმული, ამიტომ ნედლეული ისევე გაძვირდება, როგორც ევროპაში.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე კი ფასების ზრდა არ აისახება, აღნიშნავს იგორ იუშკოვი. „მათთვის არაფერი იცვლება. მაგალითად, ბელარუსისთვის ათასი კუბომეტრის ფასი 127 დოლარია, ყველაზე იაფი რუსული გაზის მყიდველებისთვის. სომხეთისთვის – 200 დოლარზე ნაკლები. მათთვის ყველაფერი კარგადაა“.
ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის საშიში არაფერი ხდება, ამბობს ის. პირიქით, ნახშირბადების გაძვირების შედეგად ისინი უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, რადგან მათ უმრავლესობას ნავთობი და გაზი ჩინეთში გააქვს.
„ერთადერთი, რაღაც დოზით შეიძლება დაზარალდეს ყაზახეთი, თუ დაიწყება რუსეთსა და დასავლეთს შორის სანქციებით ომი, – ამბობს იგორ იუშკოვი. – მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ რუსეთის გავლით აზიიდან ნავთობის დიდი მოცულობის ტრანზიტი მიმდინარეობს. არის კასპიის მილსადენი, რომლითაც ყაზახეთიდან რუსეთში, ნოვოროსიისკში, იქიდან კი ექსპორტით გადის ნავთობი“.
ამიტომ, თუ რუსეთი თავის ტერიტორიაზე გაზისა და ნავთობის ტრანზიტს შეაჩერებს, მაშინ ყაზახეთის ექსპორტს გარკვეული რისკები შეექმნება. „მაგრამ არა მგონია, რომ რუსეთი ამაზე წავიდეს. თუმცა მეორე მომენტიცაა: კონსორციუმში არის ამერიკული კომპანია Chevron, რომელიც შეიძლება დაზარალდეს სანქციების შედეგად. ეს ასევე აისახება ყაზახეთზე“, – დაასკვნა ექსპერტმა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0