დასავლეთი რუსულ კულტურას „აუქმებს“

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკში ვალერი გერგიევი და დენის მაცუევი
 ვალერი გერგიევი და დენის მაცუევი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
ელენა კარაევა
მაესტრო გერგიევი მიუნხენის ორკესტრის მთავარი დირიჟორის თანამდებობიდან ბავარიის დედაქალაქის ბურგომისტრმა გაათავისუფლა.
რამდენიმე საათის შემდეგ პრიმადონა ნეტრებკოს სახელი „ლა სკალას“ მარტის აფიშებიდან ამოიღეს – თითქოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ოპერის მომღერალმა მაშინვე უპასუხა: „ჯანმრთელად ვარ, მაგრამ არ ჩამოვალ“.
ამგვარად, მას შემდეგ, რაც შეეცადნენ რუსეთი ეკონომიკურად, შემდეგ კი პოლიტიკურად გაეუქმებინათ, როდესაც მას „აგრესორის“ და „თავისუფლებისა და პროგრესის მახრჩობელას“ იარლიყი მიაწებეს, დღეს დღის წესრიგში ახალი, მაგრამ ალბათ ყველაზე რთული ამოცანა დადგა: რუსეთს განდევნიან მსოფლიო კულტურის სივრციდან, თანმიმდევრულად გააუქმებენ რუსი მუსიკოსების კონცერტებს, აღარ გამართავენ რუსი მხატვრების გამოფენებს და თითს გამოიშვერენ რუსული ლიტერატურისკენ, თითქოს იქ კიდევ დარჩნენ ისეთები, ვინც „იმპერიულ სულს“ ადიდებს, და ასეთ მეხოტბეებს შორის ლევ ტოლსტოისა და მის „ომსა და მშვიდობასაც“ დაასახელებენ.
როგორ აბსურდულადაც უნდა ჟღერდეს დღევანდელი ლოზუნგები, როგორ საშინლადაც უნდა გამოიყურებოდნენ თანამედროვე ჰეროსტრატე-ატლანტისტები, მათი ინტენციები დღეს აბსოლუტურად გამჭვირვალეა: ჩვენ ამიერიდან ჩვენსავე მემკვიდრეობაზე გვეტყვიან უარს (მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენით, ვინც ისტორიის გადაწერას ცდილობს).
მემკვიდრეობა კი - ეს Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ან ბირჟაზე გაზის კოტირება არ არის, არც ცენტრალური ბანკის ოქროს სავალუტო რეზერვებია.
მემკვიდრეობა - ეს ჩვენი კულტურაა. დაწყებული ნოვგოროდის არყის ხის ქერქზე გაკეთებული ჩანაწერებით, პირველი მბეჭდავი ივან ფიოდოროვით, დამთავრებული ჩაიკოვსკის პირველი კონცერტითა და კარლ ფაბერჟეს მინანქრის შეუდარებელი ნამუშევრებით. რუსული კულტურის გაუქმება უკვე დაწყებულია, სასტვენის ხმა უკვე გაისმა. ნიუ-იორკის „კარნეგი-ჰოლმა“ გააუქმა კონცერტებში ვალერი გერგიევის მონაწილეობა, რომელსაც ვენის ფილარმონიული ორკესტრისთვის უნდა ედირიჟორა. პიანისტ დენის მაცუევის სახელიც ამოშალეს აფიშებიდან.
მიზეზი არ დაუსახელებიათ, მაგრამ პრესამ, მათ შორის, New York Times-მა ისაუბრა ცნობილი საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელობის, ასევე „კარნეგი-ჰოლის“ სამეურვეო საბჭოს პოზიციაზე, რომ „მაესტრო გერგიევის მონაწილეობა კონცერტებში ამ ვითარებაში შეიძლება არასწორად იქნეს გაგებული და აღმოჩნდეს არასწორი სიგნალი საზოგადოებისთვის“.
დასკვნა შემდეგია: ჩუმი მინიშნებებით თუ ვიმსჯელებთ, ცნობილი დირიჟორისგან მოითხოვეს საჯაროდ გამოეთქვა თავისი პოზიცია ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთ-უკრაინის კრიზისს ეხება.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით იგივე შესთავაზეს ცნობილ პიანისტ მაცუევს.
რეაქციისა და იმის მიხედვით, თუ როგორი სისწრაფით მოიძებნა გერგიევის შემცვლელი, მისი და მაცუევის პასუხებში ნიუ-იორკში არავის შეჰპარვია ეჭვი.
თავის უფროს პარტნიორს ანტირუსულ კოალიციაში არც ევროპა ჩამორჩება. ერთბაშად ორი ქალაქის - მილანისა და მიუნხენის მერებმა დირიჟორ გერგიევს მსგავსი მოთხოვნები წაუყენეს და ზუსტად ისევე მოსთხოვეს რუსეთისგან გამიჯვნა.
ევროპასა და აშშ-ში მუშაობის შესაძლებლობის შესანარჩუნებლად ცნობილ მუსიკოსს სამშობლოსგან საჯაროდ გამიჯვნა მოსთხოვეს.
სინამდვილეში ჩვენ ცივილიზაციის დღემდე არნახული და მსოფლიო მასშტაბის კრახის მომსწრე ვართ: დღეს დირიჟორობისთვის, შესრულებისთვის საჭიროა ყველას გასაგონად უარი თქვა სამშობლოზე და ერთგულება შეჰფიცო ატლანტისტებს - ასევე საჯაროდ. მთელი მსოფლიოს გასაგონად.
ისეთმა კატეგორიებმა, როგორიცაა ნიჭი, ოსტატობა, უნარი, ვირტუოზულობა, ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგა. თუ ჩანაცვლება შეიძლება თვით გერგიევისა ვენის ფილარმონიულ ორკესტრში, თვით მაცუევისა „სტეინვეის“ კლავიატურასთან, თანაც „კარნეგი-ჰოლის“ სცენაზე ტოტალური დუმილისა (ანუ თანხმობის) და მისული პუბლიკის, საზოგადოების თვალწინ, ეს ნიშნავს, რომ პრინციპში ყველას ჩანაცვლება, უფრო სწორად, გაუქმება შეიძლება.
ეს ყველაფერი ხდება არა „საშინელ და ტოტალიტარულ სსრკ-ში“, სადაც ნახევარი საუკუნის წინ მართლაც შეიძლებოდა ძალიან მარტივად კონცერტის გამართვის, სცენაზე სასურველი სპექტაკლის დადგმის, მნიშვნელოვან პრობლემებზე ფილმის გადაღების, რეპერტუარის არჩევის შესაძლებლობის დაკარგვა.
სინანულით ვადევნებთ თვალს, როგორ ღვივდება ობსკურანტიზმი თავისუფლებებისა და უფლებების დაცვით თავმომწონე და ამაყ დასავლეთში: „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია!“, იბადება საშინელი ცენზურა, რომლის უფლებამოსილი პირებიც ნებაყოფლობით იწყებენ ყველას შემოწმებას ლოიალობაზე - არა მხოლოდ ამ მომენტში, არამედ წარსულშიც, და თუ ბიოგრაფიაში პოულობენ არცთუ ნათელ მომენტებს, ადამიანს წინასწარ აკრავენ სამარცხვინო ბოძზე.
გაუნათლებელი ვიგინდარების დიქტატურა, რომლებმაც არ იციან, როგორ გაარჩიონ ბაბელი ბებელისგან, გოგოლი ჰეგელისგან, დღეს აყალიბებენ დღის წესრიგს ევროპის კულტურაში. რადგან ასე უფრო იოლია ანგარიშის გასწორება მათთვის, ვინც ნიჭიერია და ამ ნიჭის წყალობით - ძლიერი, ასევე მათი ადგილების დასაკავებლად და სათანადო ჰონორარებისა და სხვა პაკეტების მისაღებად.
ასეთი რამ იმ დროსაც კი არ მომხდარა, რომელსაც დღეს პათოსით „ორი იდეოლოგიის დაპირისპირებას“ უწოდებენ, როცა მარქსიზმ-ლენინიზმი და კაპიტალისტური ლიბერალიზმი კულტურის რინგზეც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
მაშინ ვირტუოზი დავიდ ოისტრახიც და ღვთიური ხმის პატრონი ლეონიდ კოგანიც - კომუნისტური რეჟიმის უზომოდ ერთგული მუსიკოსები და პარტბილეთების მფლობელები - იმდენჯერ მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, რამდენჯერაც ეპატიჟებოდნენ, იქ მიემგზავრებოდნენ, სადაც ეპატიჟებოდნენ, და კონცერტებს მთელ მსოფლიოში მართავდნენ. არცერთი მათგანისთვის არ მოუთხოვიათ ლიბერალური ფასეულობების თაყვანისცემა, რათა დასავლეთის სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. მაშინდელი ევროპელი და ამერიკელი იმპრესარიოები, დღევანდელებთან შედარებით, ინკვიზიტორების წინააღმდეგ ვოლტერის მიმდევრებივით არიან.
რადგან დღევანდელების იდეოლოგია ძალიან ჰგავს იმას, რაც ევროპაში ბატონობდა ეპოქაში, როდესაც „გენერალური ხაზის“ მოწინააღმდეგეებს უბრალოდ წვავდნენ. მოედნებზე.
წვავდნენ სხვა, არაკათოლიკური რწმენის გამო, განსხვავებული მეცნიერული ცოდნის გამო. წვავდნენ ქალებს სილამაზის, თავნებობის, განსხვავებული თმის ფერის გამო. ეს ცნობილია და ბევრჯერაა აღწერილი. და, რაც მთავარია, შეფასებულია ისტორიულად და იურიდიულად. სახელად ჰქვია ბარბაროსობა და დანაშაული.
დღეს შეიძლება უსასრულოდ საუბარი იმაზე, რომ ასე „იწმინდება რიგები“ და „იკვრება პროგრესული (გნებავთ, ანტირუსული) ფრონტი“, თუმცა ჩვენ, რუსეთში, ვიცით, რით შეიძლება დასრულდეს ეს „განწმენდა“. ვიცით საკუთარი მწარე და ტრავმული გამოცდილებით.
ჩვენი გაფრთხილება ჯერ კიდევ შეიძლება შეისმინონ. და ბოლოს: პრაქტიკულად მთელი დღევანდელი ევროპული ჰუმანიტარული ფილოსოფია გასცდა დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ფარგლებს. დიდმა ფლორენციელმა, რომელიც მშობლიური ქალაქიდან იდეებისა და სიმართლის გამო გააძევეს, მოღალატეები ჯოჯოხეთის ყველაზე საშინელ, ყველაზე შავბნელ და უიმედო მეცხრე განსაწმენდელში მოათავსა.
ამაში რუსული კულტურა და იტალიური რენესანსი ერთმანეთს ეთანხმება: რწმენით ვაჭრობა დივიდენდების მისაღებად ცოდვაა. შედეგები შემზარავი შეიძლება აღმოჩნდეს.
მაესტრო გერგიევი დღეს ევროპას აჩვენებს ჭეშმარიტად ევროპული, და რუსული სულის მაგალითს.
ევროპაც და მისი კულტურაც, რუსეთიც და მისი კულტურაც მას ამისთვის ტაშს დაუკრავენ, როცა დრო მოვა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0