„ვიღაცამ სიტუაციით ისარგებლა?“ – გია ვოლსკი უკრაინის ელჩის გაწვევას გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
საქართველოს არანაირი რესურსი არ გააჩნია იმისათვის, რომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, განაცხადა ვოლსკიმ.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის საქართველოდან გაწვევა დამატებით კითხვებს აჩენს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ განაცხადა – რადგან საქართველოს ხელისუფლება „ხელს უშლის ქართველი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში“ და მისი „ამორალური პოზიციის გამო სანქციებთან დაკავშირებით“.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს. მისი თქმით, სანქციები უფრო საქართველოს დააზარალებს.

„ამ ვითარებაში ელჩის გაწვევა, მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი არის იქ ტყვიების ქვეშ, რასაკვირველია, დამატებით კითხვებს წარმოშობს... კითხვა ჩნდება, ზელენსკის არის ეს გადაწყვეტილება თუ ამ მძიმე მდგომარეობაში შექმნილი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ, პროვოკაცია მოახდინა ჩვენი და უკრაინის დაპირისპირების რაღაც ელემენტის შემოტანით“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა კითხვას კონსულტაციების დროს გაეცემა ობიექტური პასუხი.
სანქციებზე საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს არანაირი რესურსი არ გააჩნია იმისათვის, რომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს.
„ეკონომიკური სანქციებთან დაკავშირებით საუბრებამდე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ მძლავრ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც ყველა საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა მან.
ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პირდაპირი ან ირიბი სამხედრო მონაწილეობა ამ კონფლიქტში საქართველოსთვის შეიძლება დამანგრეველი იყოს.
საქართველოს პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარი დაუჭირა უკრაინას. ქვეყანამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ, ასევე გაეროს რეზოლუციას.
რუსეთმა უკრაინაში საომარი ოპერაცია 24 თებერვალს დილით დაიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0