თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების განაცხადების მიღებას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
თბილისის მერია სოციალიურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას რამდენიმე წელია უფინანსებს.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით 1 მარტიდან განცხადებების მიღებას იწყებს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და თბილისში მცხოვრები საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
დაფინანსების მსურველი ასევე უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, ხოლო ოჯახის მინიჭებული სარეიტინგო ქულა – 150.000 ან ნაკლები.
დაფინანსების ოდენობა შეადგენს წლიურად მაქსიმუმ 2.250 ლარს, ხოლო სემესტრულად – 1.125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ საშუალო აკადემიურ მოსწრებაზე,
კერძოდ: 91-100 ქულა - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1.125 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150.000-ის ტოლი ან ნაკლები;
71-90 ქულა - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1 125 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70.000-ს, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% ( 787.50 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150.000-ზე ნაკლები ან 150.000-ის ტოლი;
51-70 ქულა - სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% (562.50 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150.000-ის.
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს პირადი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში საჭიროა დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშ-ფაქტურა.
განცხადების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის 1 მარტიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7.
სტუდენტებს განცხადებების შეტანა ასევე შეუძლიათ თბილისის რაიონული გამგეობების სერვის-ცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე www.my.municipal.gov.ge.
ყველა ახალი ამბავი
0